რატომ ჭიანურდება არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზა" />

JAMnews-ის წყარო: ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა, რაც ექსპერტიზას ართულებს

რატომ ჭიანურდება არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზა

22 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დაიწყო. ექსპერტიზის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბიუროში ზუსტად არც ექსპერტიზის დასრულების შესაძლო თარიღს ასახელებენ. JAMnews-ი შეეცადა გაერკვია რა ეტაპზეა ცხედრის ექსპერტიზა და რატომ ჭიანურდება საბოლოო დასკვნა.

 კონფიდენციალური, სანდო წყაროს ცნობით, საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გაირკვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გვამს შინაგანი ორგანოები და თავის ტვინი ამოცლილი ჰქონდა.

“ეს ძალიან ართულებს სიკვდილის მიზეზის დადგენას”, – გვითხრა წყარომ.

___________________

შინაგანი ორგანოებისა და ტვინის გვამში არარსებობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  

“სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.  ექსპერტიზის მიმდინარეობის მომენტში არანაირი ინფორმაცია არც მე მაქვს და არც ერთი ჩვენი ექსპერტი ამაზე ინფორმაციას არ გასცემს, სანამ ექსპერტიზა არ დამთავრდება. ეს დეტალები იმ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა გადაამოწმოთ, ვინც ჩვენ ექსპერტიზა დაგვიკვეთა – პროკურატურასთან”, – გვითხრა ეკა ჭუმბურიძემ, ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

“აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მათ. რაც შეეხება ჩვენს კომპეტენციას, ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვებზე ვერ გიპასუხებთ”, – გვითხრეს პროკურატურის პრესსამსახურში.

__________________

საქართველოში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის მთავარი მწარმოებელი  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა.

სწორედ სამხარაულის ბიუროში მიასვენეს ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან გადმოსვენებისთანავე. მას შემდეგ 22 დღე გავიდა, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზა ამ დრომდე დუმს.

“სამედიცინო ექსპერტიზის დროს, დამატებითი კითხვები თუ გაჩნდა, დამატებითი კვლევები ინიშნება და აქედან გამომდინარე, ექსპერტიზას ვადები არ აქვს”, – გვითხრა ეკა ჭუმბურიძემ, ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

საქმის დეტალებზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს არც პროკურატურა.

JAMnews-ის კონფიდენციალური წყაროს ცნობით, საქართველოში გადმოსვენების შემდეგ გაირკვა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გვამს შინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და ასევე თავის ტვინი ამოცლილი ჰქონდა.

სავარაუდოდ, ორგანოები რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დროს სინჯების ასაღებად ამოიღეს.

სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების დროს გვამის თავის ქალა, გულმკერდისა და მუცლის ღრუ იჭრება და იხსნება, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პროცედურულად,  შინაგან ორგანოებს სხეულიდან იღებენ და ქსოვილოვან ანათალებს აჭრიან; ანათალის ნიმუშების აღების შემდეგ ორგანოებს, როგორც წესი, ისევ სხეულში აბრუნებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, ტატუნაშვილის შემთხვევაში, ეს ასე არ მომხდარა.

“ამ ექსპერტიზას, პრაქტიკულად, არ შეუძლია ობიექტურად დაადგინოს სიკვდილის მიზეზი, – ამბობს წყარო, – ცხინვალი ამბობს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ქართველ ექსპერტები კი ამას ვერ დაადგენენ, რადგან გვამს ეს ორგანოც ამოცლილი აქვს. გვამური მასალა ძალიან მწირია. არც იმის დადგენა შეიძლება, მოხდა თუ არა შინაგანი ორგანოების დაზიანება [სიცოცხლის დროს]. ამდენად, ძნელი იქნება სიკვდილის მიზეზზე იმსჯელო. ვერ გეტყვით, ამ გამოწვევას ექსპერტიზა როგორ გაართმევს თავს”.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რომ ექსპერტიზას “არასაკმარისი მასალით” გადაეცა, ამას ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშირისო ცენტრი “ემპათიაც” ადასტურებს.

12 აპრილს “ემპათიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

ა.წ. 20 მარტს საქართველოს გადმოეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისათვის არასაკმარისი მასალით, რაც ემსახურებოდა სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სრულყოფილი ექსპერტიზის ხელის შეშლის მცდელობას”.

“ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის საქმეში პროკურორის დადგენილების საფუძველზე თავიდანვე ჩაერთო და გვამის ექსპერტიზის მასალებზე წვდომის ისეთივე ლეგალური უფლება აქვს, როგორც სამხარაულის ბიუროს.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ტატუნაშვილი მეორე დღეს ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა. ოსურმა მხარემ გაავრცელა ვერსია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს, ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა”.

ამ ვერსიის არ სჯერა არც ოფიციალურ თბილისს და არც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ქართული მხარის ეჭვს, რომ ტატუნაშვილი ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლია, ის ფაქტიც ამყარებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ოსური მხარე თითქმის ერთი თვე უარს ამბობდა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ორი ექსპერტიზა ჩაუტარდა – ერთი რუსეთში და მეორე საქართველოში. ამ ეტაპზე არც ერთი მათგანის პასუხი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

ოსური მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზა მოწმობს, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

რუსული ექსპერტიზის შედეგები ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედართან ერთად გადასცა. ამას ადასტურებს “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც”, რომელმაც ცხინვალიდან ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენა.

“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მედია-ოფიცრის, სოფიო ელიზბარაშვილის თქმით, რუსული ექსპერტიზის შედეგები, სხვა მასალებთან ერთად, მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს.  ელიზბარაშვილი ამბობს, რომ წითელი ჯვარი გადაცემის მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში იყო ჩართული და რა ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, ორგანიზაციამ არ იცის.

“ჩვენ ანგარიშებს არ ვკითხულობთ”, – გვითხრა ელიზბარაშვილმა.

 ___________________

სამხარაულის ბიუროში ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზას ‘ემპათიას’ სასამართლო ექსპერტი ირაკლი თოიძეც ესწრებოდა.

“ემპათია” ერთადერთი საქმეში ჩახედული წყარო აღმოჩნდა, რომელიც JAMnews-სთან საუბარს დათანხმდა.  

ექსპერტიზაზე, რომელსაც თოიძე ესწრებოდა, გვამი გარეგნულად დაათვალიერეს, ჩაუტარეს რენტგენოგრაფიული კვლევა, ლაბორატორიული კვლევებისთვის აიღეს ქსოვილოვანი სინჯები.

გვამში ორგანოების არარსებობის პირობებში ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის სინჯების აღება მოხდა. ამაზე “ემპათია” არ საუბრობს. თუმცა, სტანდარტულად, გვამის ექსპერტიზის დროს, სინჯების აღება ხდება არა მხოლოდ შინაგანი ორგანოებიდან, ასევე კანიდან, კბილებიდან, ძვლოვანი ქსოვილიდან, ფრჩხილებიდან, თმიდან.

სინჯების პასუხი ჯერ არ არის ცნობილი; ასევე უცნობია სინჯების რაოდენობა და ტიპები.

“ემპათიის” ექსპერტები, რომელთაც 21 მარტს გვიან ღამით არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ნახეს, ამბობენ, რომ მას გარეგნული დათვალიერებით წამების კვალი ეტყობოდა.  დაზიანებაზე მეტ დეტალებს ცენტრში არ ასახელებენ.

“ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ  ცენტრს მსგავსი კვლევის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და აქამდე არსებული პრაქტიკით, ლაბორატორიული სინჯების პასუხები ამდენ ხანს არ იგვიანებს.

“მით უმეტეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გვამური მასალები საკმაოდ მწირი იყო”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ჯიშკარიანის თქმით, ცენტრმა სამხარაულის ბიუროდან  რუსული ექსპერტიზის დასკვნაც მოითხოვა. ბიუროში უპასუხეს, რომ პროკურატურას მათთვის ამ ექსპერტიზის ქართულად ნათარგმნი ვერსია ჯერ არ მიუწოდებია.  

ლევან სამხარაულის ბიუროში JAMnews-ს არ დაუზუსტეს, კონკრეტულად რომელი სინჯის ლაბორატორიულ პასუხის მიღებას დასჭირდა 20 დღეზე მეტი.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ცენტრი “ემპათია” კიდევ ერთი კვირა დაელოდება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას. თუ სამხარაულის ბიუროს დასკვნა დაიგვიანებს ან “ემპათია” ამ დასკვნას არ დაეთანხმება, ცენტრი უკვე უშუალოდ ლატორატორიულ სინჯებს გამოითხოვს, თავად ჩაატარებს ექსპერტიზას და დაწერს შუალედურ ანგარიშს. საბოლოო ანგარიშისთვის კი, მისი თქმით, უფრო მეტი სამუშაოს გაწევაა აუცილებელი.

საბოლოო დასკვნის დასაწერად, მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზა არ კმარა. ამისთვის საქმეში არსებული სხვა დეტალებიცაა საჭირო – ინფორმაცია იმაზე, თუ ზუსტად სად მოხდა სიკვდილი, როდის და რა ვითარებაში; მოწმეთა ჩვენებები და საქმის სხვა არსობრივი მასალები, რომლებიც მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქმეში ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

“პროკურატურას ძალიან მწირი ფაქტები და ინფორმაცია აქვს”, – ამბობს ჯიშკარიანი. მისი თქმით, ცენტრ “ემპათიისთვის” პროკურატურიდან მოწოდებული მასალებიდან ბევრი რამ დაუზუსტებელი და ბუნდოვანია.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით JAMnews-ის კითხვებს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ანანო ბარაბაძე, შსს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც ტატუნაშვილის საქმეზე ინფორმაციის გაცემაზეა პასუხისმგებელი.

ამჟამად არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შსს-ს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განძრახ მკვლელობას გულისხმობს; პირველი თავისუფლებას აღკვეთას გულისხმობს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო მეორე – ორიდან ოთხ წლამდე.

ამ ეტაპზე უცნობია, ჩართულია თუ არა გამოძიებაში რომელიმე უცხოელი ექსპერტი, ან ხომ არ იგეგმება უცხოელი პარტნიორების საქმეში ჩართვა.

ფოტო: paqtebi.ge


ასევე წაიკითხეთ