"საქართველოში უკვე აღარ არის მშვიდობა". ზაალ ანდრონიკაშვილის მოსაზრება
ზაალ ანდრონიკაშვილის მოსაზრება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი ეხმაურება 22 ივლისს საქართველოში მომხდარ შემთხვევებს: ჟურნალისტის დაკავებას, სროლას თბილისის ცენტრში, თავდასხმას იუმორისტზე.
იგი წერს, რომ საქართველოში უკვე აღარ არის მშვიდობა და ამაში დამნაშავე ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნებაა”.
ჟურნალისტი ვახო სანაია 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” წევრების შესახებ გამოქვეყნებული ირონიული პოსტების გამო.
სროლა იყო თბილისის ცენტრში. დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრუწლოვანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სახლთან ჩაუსაფრდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ ხელისუფლების კრიტიკოსს, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს. თავდასხმამდე იგი პროსამთავრობო არხების დეზინფორმაციის სამიზნე იყო.

ზაალ ანდრონიკაშვილი: “მნიშვნელოვანია, სწორი სახელი დავარქვათ იმას, რაც ხდება საქართველოში. მდგომარეობა ახალია, ისტორიული ანალოგიები მხოლოდ ნაწილობრივ გამოდგება.
მინმუმ 2019 წლიდან (გავრილოვის ღამიდან) მოყოლებული ივანიშვილი და ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად არ შეიცვალოს. ამას ზოგიერთი მკვლევარი არქმევს “სახელმწიფო გადატრიალებას ზემოდან”.
ეს “სახელმწიფო გადატრიალება ზემოდან” არ არის მშვიდობიანი.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველოში დღეს მშვიდობა – ძალიან ცდება. გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ჩათრეული ჰყავს საქართველო გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში რუსეთის მხარეს, რაც საქართველოს უჯდება კოლოსალურად ძვირად, ქვეყნის შიგნით ივანიშვილი და “ქართული ოცნება” აწარმოებენ ასიმეტრიულ და ჰიბრიდულ სამოქალქაო ომს საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან.
ამ ჰიბრიდული სამოქალაქო ომის ნაწილია უკანონო კანონები, რომლებიც ზღუდავს ან გამოიყენება მხოლოდ მოქალაქეთა ერთი ნაწილის და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ფინანსური ტერორი, რომლის მიზანია რეჟიმის მოწინააღმდეგეებს მოუსპოს საარსებო საშუალებები. განათლების და კულტურის მიზანმიმართული ნგრევა. ამ ფონზე აგრესიის, უმედობის, უსიყვარულობის და უემპათიოობის დანერგვა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.
მიკროძალადობა (კრიმინალის წახალისება და მიქსევა მოწინააღმდეეგბზე, დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა, რაც იწვევს კანონის, სამართლის და სამართლიანობის მიმართ ნდობის სრულ ეროზიას). მაკროძალადობა (პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით) და მრავალი სხვა კომპონენტი.
გავიმეორებ, ეს არ არის მშვიდობა.
ეს არის ჰიბრიდული სამოქალაქო ომი, რომელსაც ეწევა საპოლიციო, საკანონმდებლო, ფინანსური ძალაუფლების მქონე რეჟიმი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და განსაკუთრებით მისი აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. მისი დატეხვის, დამორჩილებისა და დამონების მიზნით.
მეორე მხარეს არ აქვს არაფერი სიმართლის და მშვიდობიანი წინააღმდეგობის გარდა. მაგრამ სიმართლე დიდი, ფაქტობრივად უძლეველი იარაღია და მას ვერასოდეს მოუგებ.
მიუხედავად ამ ასიმეტრიული სამოქალაქო ომისა, რომელიც რეჟიმის საბოლოო კონსოლიდაციას და ხელისუფლების შეუცვლელობას ისახავს შიდაპოლიტიკურ მიზნად, ხოლო საგარეოპოლიტიკურ მიზნად საქართველოს საბოლოო დაშორებას ევროპული ფასეულობების სივრცესთან და მის გადაქცევად ბანანის რესპუბლკიად კვაზიკოლონიური რეჟიმით, ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ამ უთანასწორო სამოქალაქო ომის მოგება ვერ მოახერხეს.
მშვიდობიანი წინააღმდეგობა ცოცხალია. ხალხი არ გატყდა. არ შეშინდა.
ხალხის იმ ნაწილმა, ვინც დღეს რეჟიმს მხარს უჭერს, ან გაჩუმებას, ან ჩუმ-ჩუმ კოლაბორაციონიზმს არჩევს, უნდა შეხედოს რუსეთს.
იქაც ხალხს ეგონა, რომ თუ გაჩუმდები და სუპის, გინდა ხიზილალის თეფშში ჩაყოფ თავს, პირადად შენ არაფერი შეეხება. სხვისი შვილები მოკვდებიან, სხვა წავა ციხეში, სხვას გაუმწარდება ცხოვრება. შენ კი იქნები შენთვის არხეინად. ვიღაც გამარჯობას არ გეტყვის, მაგრამ ამასაც როგორმე გადაიტან.
უსამართლობის მხარდაჭერას ყოველთვის აქვს ფასი. იმიტომ რომ უსამართლობა და უკანონობა კი იწყებს არჩევითად მოქმედებას, მაგრამ ამ გარჩევას ამთავრებს ძალიან მალე.
უსამართლობის მხარდაჭერით შენ ქმნი ისეთ გარემოს, როდესაც ეს უსამართლობა, ამა თუ იმ ფორმით, აუცილებლად შეგეხება შენ.
მაგრამ შენ ამაზე მზად იქნები თვალი დახუჭო, სანამ უსამართლობა შენ არ შეგეხება. ის, რომ აუცილებლად შეგეხება, ამბობს მათეს სახარება 26,25: “რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ”. მაინც და მაინც მახვილზე არ არის აქ ლაპარაკი. არამედ უფრო ფართოდ, სოციალური ფიზიკის კანონებზე და და მათ საყოველთაობაზე.
არაა საქართველოში მშვიდობა. და ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.
ზაალ ანდრონიკაშვილის მოსაზრება