სამი წელი გავრილოვის ღამიდან. გზამკვლევი მათთვის, ვისაც დეტალები კარგად არ ახსოვს
20 ივნისის ღამე
2019 წლის 20 ივნისს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგი დაშალა. ე.წ. გავრილოვის ღამიდან სამი წელი გავიდა. JAMnews-ი მოკლედ იხსენებს მოვლენების ქრონოლოგიას:
_______________________________________________
2019 წლის 20 ივნისს ათასობით ადამიანი ყოველგვარი წინასწარი ორგანიზების გარეშე სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში. პროტესტის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გახდა.
გავრილოვი თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
● ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია
ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ რუსი დეპუტატი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.
პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ეკითხებოდნენ ხელისუფლება – “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? “
21 ივნისს, გამთენიას, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ორმა – 18 წლის მაკო გომურმა და 26 გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს – მათ რეზინის ტყვია მოხვდათ.
პროკურატურა ხუთი თვის განმავლობაში უარს ეუბნებოდა გომურსა და სულაშვილს დაზარალებულად ცნობაზე და მხოლოდ ტრაგიკული ღამიდან ხუთი თვის თავზე სცნო სახელმწიფომ ისინი დაზარალებულად.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეს გადატრიალების მცდელობა იყო და აქციის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდეს.
24 ივნისს ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა და მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მომიტინგეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა – ის პირადად დაპირდა საზოგადოებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
● რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
ამ დაპირებიდან ხუთ თვეში, ნოემბერში, ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯს გადადგამს – საკუთარ დაპირებას უკან წაიღებს, რაც პროტესტის ახალ ტალღას გამოიწვევს.
არ დაკმაყოფილდება მომიტინგეთა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა – თანამდებობიდან შს მინისტრის გიორგი გახარიას გათავისუფლება. ნაცვლად ამისა, გახარიას დააწინაურებენ და იგი პრემიერ მინისტრი გახდება.
მთელი 2019 წლის ზაფხულის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული პერმანენტული აქციები მიმდინარეობდა.
პროტესტების სიმბოლოდ იქცა წითელი ფერის თვალის სახვევი, რომელსაც აწერია “20%” და ასევე თვალზე აფარებული ხელი. ეს ორ რამეს გამოხატავს – 21 ივნისის აქციის დარბევისას თვალდაკარგული ადამიანების მიმართ სოლიდარობას და ასევე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.
_____________________________________________________________________________
როგორ განვითარდა მოვლენები გავრილოვის ღამის შემდეგ: ვიდეო
_____________________________________________________________________________