“საქართველოში საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობად იქცა” - SJC
საპოლიციო ძალადობა საქართველოში
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) შეფასებით, საქართველოში სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა, არასათანადო მოპყრობა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გასცდა ცალკეული პოლიციელების ერთეულ გადაცდომებს და სისტემის ყოველდღიურობად იქცა.
ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ნორმალიზების დადასტურებაა, რასაც საგანგაშო ხასიათი აქვს.
- არასამთავრობოები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
- დაკავებები, სავარაუდო ძალადობა და გამკაცრებული კანონები. რა თქვა ომბუდსმენმა პარლამენტში
- “რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე” — Amnesty International-ის ანგარიში
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პოლიციურ ძალადობას რამდენიმე ფაქტორი კვებავს. მათ შორის: პოლიტიკური ნების არარსებობა, ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმების სისუსტე, დაუსჯელობის კულტურა და პოლიციაზე პოლიტიკური გავლენები.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მედიით გაშუქებული შემთხვევები ძალადობის რეალური მასშტაბის მხოლოდ მცირე ნაწილია.
მსხვერპლთა უმეტესობა სამართალდამცავების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისგან თავს იკავებს შურისძიების, მტკიცებულებების გაყალბების, ახალი ბრალდებების წარდგენის ან ნარკოტიკის ჩადების შიშით
ხმაურიანი საქმეები: წამება, კომატოზური მდგომარეობა, გარდაცვალება
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე:
- ალან ყაყიტაშვილისა და ირაკლი ტატუნაშვილის საქმე
მეგობრები, ალან ყაყიტაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი, თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, გასულ წელს მოხვდნენ. შემთხვევას გორში, რესტორანში ჩხუბი უძღოდა წინ. ისინი ამ ჩხუბის მონაწილეები იყვნენ.
ყაყიტაშვილი ყვება, რომ პოლიციის შენობაში მასზე და ირაკლი ტატუნაშვილზე სასტიკად იძალადეს. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის შემდეგ, ირაკლი ტატუნაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. ის 2025 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა.
თავად ალან ყაყიტაშვილმა ციხეში 9 თვე გაატარა. ორმა სასამართლო ინსტანციამ ის სრულად გაამართლა.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ტატუნაშვილისთვის ამ დრომდე არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და არც პოლიციელები გამოუკითხავთ,
- ძალადობა დუშეთის პოლიციის სამმართველოში
მიმდინარე დღეებში „TV პირველმა“ გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც მოქალაქე ალექსანდრე გოგოჭური აღწერდა, როგორ იძალადა მასზე დუშეთის რაიონული სამმართველოს 15-მდე თანამშრომელმა.
მოგვიანებით საგამოძიებო უწყებაში სავარაუდო ბრალდებულის გამოცხადდა. ამიტომ, პროკურატურამ მის მიმართ დაწყებული დევნა შეწყვიტა.
თუმცა, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი რომ არ დამდგარიყო, მას ცრუ ჩვენების მიცემისთვის ახალი ბრალი წაუყენეს.
- გორი, ათობით პოლიციელის ძალადობა ორ მოქალაქეზე
2026 წლის 27 მაისს გამოცემა „ქართლის ამბებმა“ გორის კომბინატში ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, ბოლო, გახმაურებული შემთხვევებისა.
ორგანიზაცია საუბრობს ბოლო ორ წელიწადში, საპროტესტო აქციების დაშლისა და ემონსტრანტების დაკავების პროცესში დაფიქსირებულ ასობით ძალადობის შენმთხვევაზე.
იშველიებს სახალხო დამცველის ანგარიშსაც. რომლის თანახმად იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ.
მაგალითად თუ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიდან 30.2 პროცენტი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის შესახებ, 2024 წლის 29 ნოემბრიდან – 2 დეკემბრის პერიოდში ეს რიცხვი 79.5 პროცენტამდე, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვალს, 88 პროცენტამდე გაიზარდა.
მიუხედავად ძალადობის მასშტაბისა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ განხორციელებულა.
რა არის გამოსავალი?
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად აუცილებელია:
- დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება – პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
- არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესაბამისი მუხლებით კვალიფიციკაცია – სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლებით და არა სამოხელეო დანაშაულის ზოგადი ნორმებით;
- არა მხოლოდ უშუალო შემსრულებლების, არამედ, ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობი საკითხის შესწავლა;
- ძალადობის მსხვერპლების დაცვის გაძლიერება – მათი დაცვა შესაძლო ანგარიშსწორების, განმეორებითი დევნის, ახალი ბრალდებების წარდგენისა თუ მტკიცებულებების გაყალბების რისკებისგან;
- სავალდებულო ვიდეო/აუდიო ფიქსაციის ვალდებულება – სამართალდამცავი ორგანოების ყველა თანამშრომლისთვის და არა მხოლოდ პატრულ – ინსპექტორებისთვის.
- ინსტიტუციური რეფორმა – პოლიციის დეპოლიტიზაცია და საპოლიციო სისტემაზე საზოგადოებრივი თუ სამართლებრივი კონტროლის გაძლიერება.
- და ა.შ.
საპოლიციო ძალადობა საქართველოში