22 ივლისს, საღამოს, თბილისში, ვერაზე, სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაჭრეს. მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე ერთ-ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
იმ კლინიკის ექიმი, სადაც დაჭრილები შეიყვანეს, ირაკლი ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ არასრულწლოვნის ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო:
„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, ცეცხლნასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. რითი იყო მიყენებული და სად ჰქონდა ტრავმა, სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ იქნება დასკვნა”, – ამბობს ექიმი მედიასთან.
ინფორმაცია ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ დაადასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების განცხადებით, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, -ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყება აზუსტებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია” და დაკავებისას “ხელის თითებზე დაზიანება მიიღო“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. რას ყვებიან ისინი
შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, აკაკი შანიძისა და აკაკი ხორავას ქუჩების კვეთაზე მოხდა. ქუჩაზე იმ დროს ბევრი ადამიანი იყო.
თვითმხილეველი ელენე ქორიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნეს “უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ”.
“დაახლოებით ერთი საათის წინ, ზუსტად ჩემი სახლის წინ, კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ. ამის შემდეგ, შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა. ის მალევე დაიჭირეს.
ზედაპირული შეფასებითაც ცხადია, რომ ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ან პირადი ანგარიშსწორება. არც ცალკე აღებული მძიმე კრიმინალური შემთხვევა მხოლოდ, რომელზეც სწრაფად ირეაგირა პოლიციამ, არამედ იმ რეალობის პირდაპირი ანარეკლი, რომელშიც ვცხოვრობთ“.
“მოვდიოდი სახლში ნახევარი საათის წინ. დავინახე შანიძეზე ხალხმრავლობა. წავედი ხალხის მიმართულებით. მოვიდა უცებ პატრულის ორი მანქანა. იყო ყვირილი და სირბილი. ერთი ბიჭი მანქანაში იყო უგონოდ. ორი კონტაქტური მაგრამ შოკში.რაც შევძელი ,იმ ორს პირველადი დახმარება გავუწიე. ერთი ხელში იყო დაჭრილი, მეორე მხარში. რატომ ესროლეს და რა დააშავეს ამ ბავშვებმა არ ვიცი“, – წერს თვითმხილველი თიკო კვალიაშვილი.
ეკა კვესიტაძემ მომხდარზე ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ჰყვება, რომ შემთხვევა მის სახლთან ახლოს მოხდა. ამ დროს მისი შვილი ახლომახლო ძაღლს ასერინებდა.
„ჩაცხრილეს“ არასრულწლოვნები, რომლებიც „დასისხლიანებულები ეყარნენ“, – წერს კიდევ ერთი თვითმხილველი.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ათამდე ნატყვიარი ჰქონდა შემთხვევის ადგილის ახლოს მდგომწითელი ფერის „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამ დროისთვის [23 ივლისი, 02:00 სთ] უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე მომხდარზე.