წყალდიდობის შედეგად კურორტის კომუნალური სამსახურები, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია.
სტიქიური უბედურება 3,5 ათასი კუბის მოცულობის რეზერვუარის მოულოდნელი გასკდომის შედეგად დატრიალდა. აღნიშნული წყალსატევი ქალაქის ნაწილს ამარაგებდა. ამჟამად ქუჩები გაწმენდილია, რკინიგზის ხაზი მოწესრიგდა და მატარებლების მოძრაობაც აღდგენილია. ქალაქს უკვე წყალიც მიეწოდება.
შემთხვევა 31 ოქტომბერს, 6 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მის შედეგად ათობით სახლი დაიტბორა, დაზიანდა მრავალი ავტომობილი. სპეციალისტები თვლიან, რომ მსხვერპლის არარსებობა, მეტწილად, იმით აიხსნება, რომ სტიქიური უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც თითქმის მთელ ქალაქს ეძინა.
რეზერვუარი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აიგო, ავარიულად არ ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტებმა, რომლებიც გაგრაში ახალ წყალსადინარ სისტემას ქმნიდნენ, აღნიშნული წყალსატევი ვარგისიანად ჩათვალეს.