დიუშენის სამკურნალო პრეპარატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება
დიუშენის სამკურნალო პრეპარატი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი, ჯივინოსტატი, საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება. მისივე თქმით, უკვე დასრულებულია ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რათა პრეპარატის გამოყენება ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია: ჯივინოსტატის საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებული იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
აქამდე ჩვენს მიერ, იტალფარმაკოსთან თანამშრომლობით, გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა პაციენტების შესახებ მონაცემები, შეიქმნა სპეციალური რეესტრი, დამტკიცდა შესაბამისი წესი, უცხოელმა სპეციალისტებმა ექიმებისთვის ტრენინგები ჩაატარეს და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, — განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, მშობლებს შეუძლიათ სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ და მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაცია და კონსულტაცია მიიღონ.
სარჯველაძემ ასევე ისაუბრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტზე, რომლის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯივინოსტატთან პარალელურად დაიწყო. მინისტრის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.
საუბარია პრეპარატ ელევიდისზე, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება.
„ამ შემთხვევაშიც მინდა საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო: დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემულ იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა.
ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.
ამ შემთხვევაში შეამჩნევდით, რომ გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები“, — განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
31 ივლისს სარჯველაძემ განაცხადა, რომ დიუშენის პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენდნენ.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პირველად 3 ივნისს შეხვდნენ. მეორე შეხვედრის შემდეგ, 4 ივნისს, კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებდა.
შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ მედიკამენტების შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო და დაახლოებით ორ თვეში საქართველოში ორი კონკრეტული პრეპარატის შემოტანას ელოდნენ.
8 ივლისს, მიხეილ სარჯველაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იყო, ხოლო მეორე პრეპარატთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდებოდა ცნობილი.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების თანდათანობით დასუსტებასა და დაზიანებას იწვევს. ის ძირითადად ბიჭებში გვხვდება და სიმპტომები, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში ვლინდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა დაზიანდეს სუნთქვისა და გულის კუნთებიც. სრული განკურნება ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მკურნალობა დაავადების პროგრესირების შენელებას ემსახურება.