ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება - თენგიზ ცერცვაძე
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 178 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის უმცროს მედდას გეგმური PCR ტესტირებისას COVID-19 დაუდასტურდა.
ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მასთან კონტაქტში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ჰოსპიტლის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა. ინფიცირებული მედდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს. მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან.
კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა თეთრიწყაროშიც.
ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში კარანტინი გაუქმდა – ეპიდემიოლოგების აზრით, იქ დაავადების გადაცემის ჯაჭვი გაწყდა.
- თბილისი კარანტინში: მანქანები მოძრაობენ, მაგრამ ქალაქი მაინც ცარიელია
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა: ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე საქართველოში “კიდევ იქნება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე ათეული დღეში და არა რამდენიმე ასეული.”
ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების შერბილება მოიცავს საფრთხეს, რომ მოსახლეობამ შერბილებული ღონისძიებები ბოროტად გამოიყენოს და “ის, რაც გვქონდა მიღწეული, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი მცირე რაოდენობა ევროპაში, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და წყალში გადავყაროთ.”
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.