პროპაგანდისტ ჟურნალისტ თინა კანდელაკს, უკრაინის პროკურატურა საერთაშორისო ძებნაში გადასცემს
თინა კანდელაკი
წარმოშობით ქართველ პროპაგანდისტ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, რომელიც წლებია მოსკოვში ცხოვრობს, უკრაინის პროკურატურა საერთაშორისო ძებნაში გადასცემს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის მთავარმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დაწერა.
“როგორც გენერალური პროკურორი, გატყობინებთ, რომ უკრაინაში თქვენი საპროცესო სტატუსი ასეთია – ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურორები თქვენს საერთაშორისო ძებნაში გადაცემის პროცესს დააინიციირებენ”, – ამბობს ვენედიქტოვა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, უკრაინის პროკურატურა ქართველი ჟურნალისტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კანდელაკმა გამოთქვა აზრი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა უნდა დატოვოს და მისი ადგილი ვიქტორ იანუკოვიჩმა უნდა დაიკავოს. ასევე, უკრაინის პროკურატურამ კანდელაკის Telegram-ის პირადი არხი შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ კანდელაკი კრემლის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია.
როგორც ვენედიქტოვას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩანს, კანდელაკზე საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღიძრა, რომელიც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.
“უკვე არსებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი რაც მინდა მინდა გთხოვო, ეს არის – მოძებნე კარგი იურისტები და დახმარებისთვის არ მიმართო იმათ, ვინც ცრუ და მავნებლური ინფორმაციის გავრცელებას გავალებს. ისინი სიმართლეს არ გეტყვიან. სიმართლე კი ის არის, რომ როდესაც სხვა სახელმწიფოების საზღვრების გადაკვეთას შეეცდებით, შესაბამისი ორგანოები უკრაინაში ექსტრადიციის მიზნით დაგაკავებენ.” – აცხადებს ვენედიქტოვა.
● ხანგრძლივი ომი, დიპლომატია, გადატრიალება. უკრაინაში ომის ხუთი სცენარი BBC-ის ანალიტიკოსისგან
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● მოსაზრება: რატომ წააგო ეს ომი ვლადიმირ პუტინმა უკვე
თბილისში დაბადებული ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, ამჟამად ფედერალური სპორტული ტელეარხის, “Матч ТВ”-ს გენერალური პროდიუსერია, აქვს კოსმეტიკური ბრენდი AnsaLigy და ფლობს მოსკოვში საკუთარი სახელობის ქართულ რესტორანს – “თინათინს”.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ფავორიტი ქართველი ჟურნალისტი არასდროს ერიდება პუტინის ქებას, ქართველებს კი ხან ეკონომიკის მართვას უწუნებს, ხანაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მისეულ ვერსიებზე საუბრობს ეთერებიდან. კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი და პროდიუსერია. იგი განსაკუთრებით აქტიურია “ინსტაგრამზე”, სადაც 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
1990-იან წლებში თინა კანდელაკი მუშაობდა თბილისში, რადიოსადგურ „რადიო 105“-სა და საქართველოს ტელევიზიის “მეორე არხზე.” 1995 წელს საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში გადავიდა, სადაც დაიწყო მუშაობა სტანისლავ სადალსკისთან ერთად სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელევიზიებში: „М радио“, „РДВ“, „Радио Рокс“, „Серебрянный дождь“, „Муз ТВ“ და სხვა.
სხვადასხვა რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემებში, ის აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ითვლებოდა დემოკრატიის რუპორად საქართველოში, აღმოჩნდა “ნამდვილი ტირანი, რომელიც თავის ხალხს მოსვენებას არ აძლევს.“