თბილისში შესაძლოა მეწყერი ჩამოწვეს. რა ხდება ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზასთან
თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, შესაძლოა მიწის მასა ჩამოიშალოს და დედაქალაქში მეწყერი ჩამოწვეს. პარალელურად, ადგილზე ამ დრომდე გრძელდება საგზაო სამუშაოები, რომელიც მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს, თუმცა დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ეს სამუშაოები ფერდობს საფრთხეს არ უქმნის.
___________________________________
მეწყერსაშიში ზონის ფოტოები forum.ge-ზე გუშინ გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურებულია.
პირველადი გაზომვით საუბარია ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე, რომელიც მოძრაობაშია მოსული.
“უკვე მოწყვეტილია მასა, რომელიც ჩამოსასვლელად გამზადებულია”, – ამბობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე
მისივე თქმით, პირველადი შეფასება გეოლოგებთან და გეოდეზისტებთან ერთად გააკეთეს და მათი დასკვნით, აღნიშნული მოვლენები გარემოზე არასწორი ჩარევის და ზემოქმედების შედეგია.
“მეწყრული სხეული, რომელიც დინამიკაშია მოსული და ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ჩამოვიდა, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა. ამის გაჩერება შეუძლებელია. ეს ტანია შესასწავლი და მთლიანად გარემო. უხეში ჩარევაა განხორციელებული და ეს არასწორი რეგულაციების ბრალია“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
გეომორფოლოგ ლაშა სუხიშვილის განმარტებით, საშიშროებას წარმოადგენს დაძრული მიწის მიმდებარედ, მიწის სხვა მონაკვეთიც, რადგან მათაც გამოეცალათ საყრდენი.
“სიჩქარეა საინტერესო, ეს დაძვრა შეიძლება წლები გაგრძელდეს, მაგალითად, ინტენსიური წვიმის ან გარკვეული ვიბრაციების გამო, შესაძლოა ცოტა აჩქარდეს პროცესი. უშველის თუ არა გამაგრება – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, აქ რა შეიძლება, იყოს გამოსავალი“, – ამბობს სუხიშვილი.
“ეს წლები მიმდინარეობდა და გზის სამუშაოებს არ უკავშირდება” – თბილისის მერია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით მეწყრული პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და გზის მიმდინარე სამუშაოებთან კავშირში არაა.
მისივე თქმით, ამ საკითხის შესასწავლად მერიამ გერმანელი სპეციალისტები მოიწვია:
“გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები გავატარეთ. მაჭავარიანის ქუჩა გადაიკეტა ორმხრივად, მიმდინარეობს პროექტირება.”
კალაძის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, მეწყრული პროცესები ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა, რადგან მეწყერული პროცესები ხდება მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ხოლო საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ქვედა ნაწილში.
ბენდელიანის თქმითვე, ვინმეს პასუხისმგებლობა რომ დადგეს, მეწყრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი 100%-ით უნდა იყოს ცნობილი.
“ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვინმეს პასუხისმგებლობა რომ დადგეს, მეწყრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი 100%-ით უნდა იყოს ცნობილი”, – აცხადებს ბენდელიანი.
“ფორმულას” ვიდეო