თბილისის ქუჩებში ნაგვის დამყრელებს ფოტოხაფანგი გამოავლენს
თბილისის მერია ქალაქის დამნაგვიანებლების გამოსავლენად 30 ფოტოხაფანგს დაამონტაჟებს.
ფოტოხაფანგების მიზანი იმ მოქალაქეების დაფიქსირება და შემდგომი სანქცირება იქნება, რომლებიც გარემოს დააბინძურებენ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 75 000 ლარია და ის ელექტრონული შესყიდვის წესით, აუქციონის გარეშე განხორციელდება.
მერიის განცხადებაში წერია, რომ ფოტოხაფანგების განთავსება-გამოყენება მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის პრეროგატივა იქნება.
როგორც ფოტოხაფანგების ტექნიკური პარამეტრებიდან ირკვევა, მოწყობილობას ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა როგორც დღის, ისევე ღამის პერიოდში ექნება, შესაბამისად, დაჯარიმდებიან როგორც ფეხით მოსიარულეები, ისე – ავტომობილით.
ტექნიკის მერიისთვის მიყიდვის სურვილი ჯერ მხოლოდ შპს “მკ”-ამ გამოთქვა, თუმცა, მერიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.
___________________________________
● აფხაზეთი: მთელი ნაგავი ერთ ნაგავსაყრელზე
● თბილისთან ახლოს არის სოფელი, სადაც ადამიანები ფანჯრებს ვერ აღებენ ნაგვის სუნის გამო
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
__________________________________
2017 წლის 3 არპილიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში შავქურთუკიანი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც მოქალაქეებს და კომპანიებს ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის აჯარიმებდნენ, თუმცა ამ პროექტმა ჯეროვნად ვერ იმუშავა, რადგან ქუჩების კონტროლი დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა.
მერიის მიერ დაწესებული ჯარიმები მკაცრია და ყველანაირ ნაგავს ეხება – სიგარეტის ნამწვავს, ცელოფნის პარკს, ქაღალდს, საჭმლის ნარჩენებს და ცხოველების ფეკალიებსაც.
ჯარიმების ფულადი ოდენობა ასეთია:
2 კგ-მდე ნარჩენით (მათ შორის, სიგარეტის ნამწვითაც) გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით დაჯარიმდება. ხოლო თუ ნაგავი შენობიდან გადმოაგდეთ, საერთოდაც 100 ლარის გადახდა მოგიწევთ.
2 კგ-ზე მეტი ნაგვის ქუჩაში დატოვება – 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იგივე რაოდენობის ნაგვის შენობიდან გადმოყრის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია.
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით დაჯარიმდება. თუ მეპატრონე დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას, მას არ დააჯარიმებენ.
სპეციალური სანქციებია საბურავებით გარემოს დანაგვიანებისთვის – თუ თქვენ ერთიდან ხუთამდე ძველ საბურავს სადმე ქუჩაში დატოვებთ, 150 ლარით დაჯარიმდებით. ხოლო, თუ ხუთზე მეტ საბურავს გადაყრით ქუჩაში – 500 ლარით. ეს რეგულაცია ველოსიპედის საბურავებს არ ეხება.
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება : ფიზიკურ პირს – 400 ლარი დაუჯდება, იურიდიული პირს კი -1000 ლარი.