სუს-ის ფაილები: უსაფრთხოების სამსახური ელჩებსაც უსმენს
მას შემდეგ, რაც საქართველოში სუს-ის ფაილები გავრცელდა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. საუბარია ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და ისრაელის ელჩ რან გიდორზე, ასევე, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და რიგით ჩინოვნიკებზე.
ერთ-ერთ ასეთ ფაილში გაშიფრულია აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების საუბრები არა მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან, არამედ ერთმანეთს შორის. არის მათი პირადი მიმოწერაც ელექტრონული ფოსტიდან და სოციალური ქსელებიდან.
სავარაუდოდ, ეს საუბრები იმიტომ მოხვდა სუს-ის ფაილში, რომ საუბარი ეკლესიას ეხება. ფაილებში არის სუს-ის თანამშრომლების 2020 წლის თებერვლის მიმოწერაც, სადაც “ამერიკელების კონტაქტების” კონტროლზე აყვანას ითხოვენ.
აღნიშნულ ფაილებში ძირითადად მოყვანილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების კომუნიკაცია ტელეფონით. ასევე, არის საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის საუბრები საელჩოს წარმომადგენლებთან და ფიქსირდება ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს შორის საუბრებიც.
მასალებში საელჩოს მაღალი რანგის ორი თანამშრომლის საუბარიც ფიქსირდება, რომლებიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ვიდეო-კლიპის გადაღებას გეგმავდნენ – ისინი განიხილავდნენ, თუ იყო ვინმე საპატრიარქოდან ისეთი პირი, ვისაც კლიპისთვის ჩაწერდნენ.
ამას გარდა მასალებში ვკითხულობთ:
“[02.10.20, 18:21:26]: საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თანაშემწეს ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განუცხადა, მ.წ. 9 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში, საპატრიარქოს მხრიდან ჩანიშნულ შეხვედრაზე დასწრება დაადასტურეს გერმანიის, იაპონიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ლატვიის, სლოვაკეთის და შვეიცარიის ელჩებმა. სულ მოწვევა გაგზავნილია 21 ელჩთან და დანარჩენებისგან ელოდებიან პასუხს. ელჩის თანაშემწემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თანაშემწესთან ასევე გაარკვია, რომ კარლ ჰარცელი დაესწრება თუ არა შეხვედრას ჯერ არ გადაუწყვეტია”.
სუს-ის ფაილები ასევე შეიცავს ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის საუბრებს საკუთარ თანამშრომლებთან. მასალის მიხედვით, გასული წლის მარტში კარლ ჰარცელი და მისი თანამშრომელი განიხილავენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის ელჩის თანაშემწე, რომელიც ჩანაწერებში ფიგურირებს, ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ელჩს ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს.
სუს-ის ფაილებში გაშიფრულია ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. კერძოდ კი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან. ჩანაწერი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა. სუს-ის ფაილები ეხება საელჩოს რიგით თანამშრომლებსაც.
სუს-ის კრებსებში ასევე გვხვდება საელჩოს თანამშრომლის საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან, რომელსაც აცნობა, რომ კელი დეგნანს მასთან შეხვედრა სურს.
ასევე, სუს-ის ფაილში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან.
● სუს-ის ფაილები: რას ამბობენ სასულიერო პირები
● “ვაგროვებთ კომპრომატებს” – გავრცელდა საიდუმლო ფაილები, სადაც სუს-ი მღვდელმთავრებს უსმენს
● საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში?
13 სექტემბერს საქართველოში სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
როგორც აღმოჩნდა, სუს-ი აკონტროლებს სასულიერო პირების გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში ასევე არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშუალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ. დოკუმენტებში ინფორმაცია გვხვდება იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს.
ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
მასალების ავთენტიკურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.