სუს-ი აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხიდან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 37-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს, ციხიდან ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას გეგმავს.
დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სუს-მა წარმოადგინა გეგმა, რომლითაც თითქოს სახელმწიფო გადატრიალება უნდა განხორციელებულიყო. მათი მტკიცებით, ოპოზიცია გეგმავს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, რათა ამ დაწესებულებებს ყოველდღიურ მუშაობაში ხელი შეეშალოს.
მათივე განმარტებით, სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.
“აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
● სუს-ში ამბობენ, რომ სოცქსელებში რევოლუციის მოწოდებები შესაძლოა ციხით დაისაჯოს
● ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
● სუს-ის ფაილები: რას ამბობენ სასულიერო პირები
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუს-ი ოპოზიციასა და მესამე პრეზიდენტს ქვეყნის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. თითქმის ყოველი არჩევნების წინ, უწყება აცხადებს, რომ აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მიმდინარეობს გამოძიება.
ბოლო ასეთი განცხადება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების წინ გაკეთდა. მაშინ უწყებამ სახელმწიფოს დამხობის მუხლით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო.
უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, “გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა”.
სუს-ში 3 ნოემბერსაც გაიმართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადებები, სადაც მოქალაქეები პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.
სწორედ ამიტომ, მათი განმარტებით, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები წარმოადგენს დანაშაულს “რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით”.
უსაფრთხოების სამსახურის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ბევრი ხუმრობა და ირონია აქტივისტებისა და ოპოზიციის მხრიდან. პარტიამ “გირჩი – მეტი თავისუფლება” მოდულის შენობასთან, სადაც სუს-ია განთავსებული, აქცია-პერფორმანსი მოაწყო, სადაც ტუალეტის ქაღალდებზე ეწერა სიტყვა “რევოლუცია”