სომხეთში სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს კრედიტები ჩამოაწერეს
სომხეთის პარლამენტმა „ომის პერიოდში საგადასახადო შეღავათების“ შესახებ კანონპროექტი მიიღო და გადასახადებისგან გაათავისუფლა სახელმწიფოსა და არმიისთვის გაკეთებული შემოწირულობები.
დეპუტატებმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებიც დაამტკიცეს. შესწორება საშუალებას იძლევა, კრედიტები ჩამოეწეროთ ჯარისკაცებს, რომლებიც დაიჭრნენ და ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახებს.
ამას გარდა, სამხედრო მოსამსახურეთა სადაზღვევო ფონდი კომპენსაციას გადაუხდის დაღუპულ, დაჭრილ და უგზოუკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა ოჯახებს. ამის შესახებ ფონდის დირექტორმა, ვარუჟან ავეტიკიანმა ერევანში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
• „ყარაბაღის საკითხს ამ ეტაპზე დიპლომატიური გადაწყვეტა არ გააჩნია“ – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
• როგორ გამოიყურება ომი სანგრებიდან. ვიდეო მთიანი ყარაბაღიდან
საგადასახადო და საკრედიტო შეღავათების დეტალები
„ომის პერიოდში საგადასახადო შეღავათების შესახებ“ კანონპროექტი, იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებსაც სახელმწიფოსთვის გადასაცემად შემოაქვს საქონელი, ათავისუფლებს, როგორც საბაჟო, ისე დღგ-სა და გარემოსდაცვითი გადასახადისგან (თუკი მათ ეს გადასახადი ეხებათ).
ამასთან, კანონპროექტი იმუშავებს უკანა რიცხვით. ის ძალაში შევა 27 სექტემბრიდან, როდესაც ყარაბაღის ომი დაიწყო. თუმცა, გადასახადი მოეხსნება იმ საქონელსაც, რომელიც მანამდე შემოიტანეს, მაგრამ შემდეგ სახელმწიფოს აჩუქეს.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უიმედო კრედიტები ჩამოეწერებათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს – ჯარისკაცებს, რეზერვისტებს, მოხალისეებს. ამ შეღავათს მიიღებენ მათთან მცხოვრები ნათესავებიც, თუკი ისინი დაიჭრებიან ან დაინვალიდდებიან. ეს შეღავათიც უკანა რიცხვით – 27 სექტემბრიდან შევა ძალაში.
კომპენსაცია სამხედრო მოსამსახურეთა სადაზღვევო ფონდისგან
2017 წლის 1 იანვრიდან, ფონდი დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლთა ოჯახებს უხდის კომპენსაციას. ის ქვეყნის თითოეული დასაქმებული მცხოვრების ხარჯზე არსებობს. მოქალაქეებს ხელფასიდან, ყოველთვიურად 1000 დრამი (2 დოლარზე ცოტა მეტი) ეჭრებათ.
ამ წლების განმავლობაში, ფონდის დირექტორის, ვარუჟან ავეტიკიანის თქმით, დაგროვდა, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარის ექვივალენტი თანხა. და ის მიემართება დაღუპულ, დაჭრილ და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დასახმარებლად.
თითოეულ ოჯახს მიეცემა 52-დან 82 მილიონ დრამამდე (120-160 ათასი დოლარი). მაგრამ კომპენსაცია ორ ეტაპად გაიცემა. თავდაპირველად, დაღუპულთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და პირველი ჯგუფის ინვალიდებს მიეცემათ თანხა 10 მილიონი დრამის (20 ათასი დოლარის) ოდენობით, მეორე ჯგუფის ინვალიდების ოჯახებს კი 5 მილიონი დრამი (10 ათასი დოლარი).
„შემდეგ, ყოველთვიურად, ამ ოჯახებს ჩაერიცხებათ 100-300 ათას დრამამდე (200-600 დოლარი), თუკი სამხედრო მოსამსახურეს სამი და მეტი შვილი ჰყავს, ოჯახი მიიღებს დამატებით 100 ათას დრამს (200 დოლარს)“, – განაცხადა ვარუჟან ავეტიკიანმა.
მისი თქმით, მხოლოდ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, ფონდში, დამატებით 4.5 მილიონი დრამის (9 ათასი დოლარი) შემოწირულობა შევიდა, თანაც 80% – სომხეთის მცხოვრებლებისგან.