სოხუმში საქართველოს მოქალაქეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მან აფხაზეთის დროშა დაწვა
აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა დროშის დაწვისთვის ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება 7 დეკემბერს არის მიღებული.
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება მას სხვისი ქონების განზრახ განადგურებასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავება.
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალის რაიონში, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის დროშა საჯაროდ დაწვა.
პროტესტის ამ ფორმით მან გააპროტესტა “დამოუკიდებლობის” ზეიმი, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში 30 სექტემბერს აღნიშნავენ.
ვიდეოში, რომელიც მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ ირაკლი ბებუა მილიციელს უკვე დაკავებული ჰყავს და განმარტებებს ისმენს.
ბებუა ხსნის, რომ ამ ფორმით პროტესტი გამოხატა არსებული რეალობის მიმართ. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზ ხალხს პატივს სცემს და სურს, რომ ქართველები და აფხაზები ისევ ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ამ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე”, — განაცხადეს სუს-ში.