სოფელ დიღმის საველე ჰოსპიტალში ხუთასამდე საწოლი გაიშლება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალში, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება, 500-მდე საწოლი გაიშლება.
მინისტრის განმარტებით, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი:
“დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, იმისთვის, რომ მოხდეს მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს საწოლებს ჟანგბადით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდმართვის პირობებში.”
ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს.
“მაქსიმალურად ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც უბრალოდ საქართველო დღეს უკვე მზად არის.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 52 141 ადამიანიდან საავადმყოფოებში 6 986 მკურნალობს, 3 463 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, 41 692 პირი – საკუთარ სახლში.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 303 პირი.

ეკატერინე ტიკარაძემ საველე ჰოსპიტლის გახსნის თაობაზე 11 აგვისტოს განაცხადა. როგორც მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან არასასურველი სურათი იქნება. მისივე განმარტებით, წინა ტალღების დროს სწორედ ის იღებდა მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში არ გახსნილიყო საველე ჰოსპიტლები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის.
_____________________________________________
● საქართველოს პრეზიდენტი: დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე
● საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83 პროცენტი აცრილია
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
_____________________________________________
საქართველო პანდემიის მეოთხე ტალღის პიკშია. სიკვდილიანობამ უკვე გადააჭარბა დღე-ღამეში ორმოცს, ხოლო დღიური შემთხვევების რაოდენობა დიდი ხანია ასცდა 4 ათასს.
ივლისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ხუთასს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 80-90% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.
16 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 806 681 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.