ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდის არქივების გახსნისკენაც მოუწოდებს
საბჭოთა პერიოდის არქივები
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ აკადემიური კვლევებისა და ისტორიული განათლების ნაკლებობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
დოკუმენტის მიხედვით, ეს გარემოება ხელს უწყობს ისტორიული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას, რის ფონზეც ევროპარლამენტარები ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდის არქივების გახსნისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 17 ივნისს მიიღო და მასში, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული კანონების გაუქმება. რეზოლუციას მხარი 436-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 145 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 47-მა შეიკავა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთი აღნიშნულ ვითარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, რათა საქართველოში ევროატლანტიკური მისწრაფებები დაასუსტოს. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის კვლევის, ისტორიული ფაქტების დოკუმენტირებისა და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას.
დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების, მასობრივი მკვლელობებისა და საბჭოთა-რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გაწეული წინააღმდეგობის ისტორიის შენარჩუნებასა და კოლექტიურ მეხსიერებაში მის ასახვას.
რეზოლუცია ასევე აღნიშნავს დამოუკიდებელი ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს ამ პროცესში და განსაკუთრებულად გამოყოფს ორგანიზაცია “სოვლაბს“ (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – JAMnews).
ამასთან, ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის სისტემატური შეზღუდვის გამო.
რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
რა არის “სოვლაბი”
სოვლაბი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) არის ქართული არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია საქართველოს საბჭოთა წარსულის, რეპრესიების, ოკუპაციისა და ტოტალიტარული სისტემის მემკვიდრეობის კვლევა და ამ თემებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
ორგანიზაცია მუშაობს რამდენიმე მიმართულებით:
- საბჭოთა პერიოდის არქივებისა და დოკუმენტების კვლევა;
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ისტორიების შეგროვება და დოკუმენტირება;
- საგანმანათლებლო პროექტების, გამოფენებისა და პუბლიკაციების მომზადება;
- საბჭოთა ოკუპაციისა და ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ისტორიის პოპულარიზაცია;
- ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა.
სოვლაბის ერთ-ერთი ცნობილი საქმიანობაა საბჭოთა რეპრესიების, 1924 წლის აჯანყების, დამოუკიდებლობის მოძრაობისა და საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ კვლევები. ორგანიზაცია ასევე მონაწილეობდა რეპრესირებული მწერლების მუზეუმის კონცეფციის განვითარებაში.
ევროპარლამენტის რეზოლუციებში სოვლაბი არაერთხელ არის მოხსენიებული, როგორც დამოუკიდებელი ისტორიული კვლევისა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც საბჭოთა წარსულის შესწავლაზე მუშაობს.