"ფორმულას" დამფუძნებელს უზენაესმა სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელს და მფლობელს, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს, ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ეხება კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას.
ამ საქმეზე წინა ორ ინსტანციას გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. პირველი ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.
ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.
თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში არ იმყოფება.
კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ მოსამართლემ თავდაპირველად ათწლიანი სასჯელი განსაზღვრა, რაც ამნისტიით განახევრდა. მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ადვოკატები სტრასბურგში გაასაჩივრებენ:
“რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი, აუცილებლად წავალთ სტრასბურგში, ეს ქეისი აუცილებლად მოხვდება სტრასბურგში და სამწუხაროდ, კიდევ მიიღება სტრასბურგში გადაწყვეტილება, სადაც დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება პოლიტიკურ დევნილად, ვინაიდან, აი, ამ მეთოდებით პირის დასჯა, რასაც დღეს შალვა თადუმაძე აკეთებს, ჩვენი კონსტიტუციის ძალიან დიდი დარღვევა იქნება”
_____________________________________________
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
● “არასწორ მხარეს დგახარ” – თბილისში ჟურნალისტ ვახო სანაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
● “ფორმულას” თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუზიანეს
_____________________________________________
მაშინ როცა საქმის განხილვა დაიწყო, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან განიხილა დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად.
საქმის ხელახლა წამოწევა დროში დაემთხვა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარას – “მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს” – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.
განაჩენს გამოეხმაურა თავად “ფორმულას” მფლობელიც. მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის “უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია”.
დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმის მიზანია მისი და მის მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიის დაშანტაჟება.
“თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს“, – წერს კეზერაშვილი.