საქართველოში 4 ოქტომბერს სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში განახლდება
4 ოქტომბერს სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში განახლდება. გარდა ამისა, 4 ოქტომბრიდან გაიხსნება ბაღები და გასართობი ცენტრები.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. მისივე განმარტებით, სასწავლი პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით დაიწყება.
“ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი”, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, თვითონ გადაწყვიტონ სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, თუ აუდიტორიებში.
ჩხენკელის განმარტებით, მშობლების აცრა აუცილებელია, რათა საკლასო ოთახებში სწავლა შენარჩუნდეს:
„მინდა, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. მინდა, განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ბავშვების მშობლებზე. ჩვენს ბავშვებს რომ ჰქონდეთ საშუალება, გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში, თავიანთ სახლებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან, რათა ჩვენს ბავშვებს ეს საშუალება ჰქონდეთ.“
● “მშობლები განათლებისთვის”: ვშიშობთ, რომ მივიღებთ “კოვიდის დაკარგულ თაობას”
● საქართველოში იქმნება აპლიკაცია, რომელიც კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს
● ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით: რა დაბრკოლებების წინაშე დგას შშმ ბავშვი საქართველოში?
საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, დისტანციურად განახლდა.
13 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად აცრილია – 33%. რაც შეეხება კერძო სკოლებს – მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად კი 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 70%.
როგორც საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის დაწყების დროს აცხადებდა, მათი მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში შენელდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, ვაქცინაციის ტემპის შემცირება, ძალიან საგანგაშოა.
თუ ზაფხულის დასაწყისში დღიური აცრების რაოდენობა 24 ათასზე მეტი იყო, დღეს ეს ციფრი ფაქტობრივად განახევრებულია. მაგალითად, გუშინ საქართველოში სულ რაღაც 11 421 აცრა გაკეთდა.
28 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა:
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.3%;
სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.5%.