აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გადმოყვანილი 80 ადამიანი მკურნალობს თბილისსა და სხვა რეგიონებში
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, ჯამში ოკუპირებული ტერიტორიებიდან 188 ადამიანია გადმოყვანილი.
მათგან 80 საავადმყოფოშია – ისინი სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობენ. დანარჩენები ამ ეტაპზე საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 667 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 383 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
ციხელაშვილს არ დაუკონკრეტებია, რამდენია მათ შორის ეთნიკური აფხაზი და ოსი. მას ასევე არ დაუკონკრეტებია, გადმოყვანილებს შორის არის თუ არა ვინმე კორონავირუსის სიმპტომებით.
მინისტრის განცხადებით, თბილისი მაქსიმუმს აკეთებს, რომ “ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსთან გამკლავებაში დაეხმაროს”.
მინისტრის განმარტებით, რუხის კლინიკა (ზუგდიდთან) მზადაა, რომ აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანები მიიღოს.
“იმ ინფორმაციით, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ავრცელებენ, აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია,” – აღნიშნა მან.
ციხელაშვილის თქმით, აშკარაა ტენდენცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.
“ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას,” – ამბობს ის. .
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.