საქართველოს პრეზიდენტი: ალოგიკურია პრორუსული ჯგუფების გააქტიურება არამართული იყოს
საქართველოს პრეზიდენტი პრორუსულ ჯგუფებზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ალოგიკურია პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება ახლა არამართული იყოს.
“ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან”, – წერს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასავლური და ანტიევროპული სახელმწიფო.
“სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?” – წერს ზურაბიშვილი.
დღეს თბილისში, ევროკავშირის საელჩოსთან, ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პლაკატებით აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ იყო.
გურამ ფალავანდიშვილი, მისი შვილი და სხვები ევროკავშირისგან მოითხოვდნენ “გეი პროპაგანდისტი ელჩების გაძევებას.” ისინი დასავლეთს მოიხსენიებდნენ როგორც “მამათმავლობის მფარველებს” და ამბობდნენ, რომ საქართველოს “ევროკავშირში არაფერი ესაქმება.” მათ ასევე სცადეს ევროკავშირის და ლგბტქ+ დროშების დაწვა.
შსს-მ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღესვე, დეპუტატ ხათუნა სამნიძეს და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ.
როგორც დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებენ, აღნიშნული პირები მათ პოლიტიკური საქმიანობის გამო აგინებდნენ და შემდგომ მათ ხელითაც შეეხნენ.
“იმხელა აგრესია იყო, ისეთი ძალადობა იყო, რომ პატრულში ვერ დავრეკე, ვერ მოვახერხე, ოღონდ ეს არ იყო ერთ ადგილას – წამოვედით, გამოგვედევნენ მუქარით, ლანძღვით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით.” – ამბობს სამნიძე.