საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა
ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (EUROSTAT) განახლებული მონაცემებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში 11 850 ქართველმა ითხოვა თავშესაფარი.
ძირითადი სამიზნე ქვეყნებია: გერმანია (3845 განაცხადი) საფრანგეთი (3425 განაცხადი) და იტალია (1415 განაცხადი). საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ირლანდიაშიც (760 განაცხადი).
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი პანდემიამდეც სწრაფად იზრდებოდა – 2016 წელს შენგენის ზონაში თავშესაფარი 8 775-მა ქართველმა ითხოვა, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 22 765-მდე გაიზარდა.
სტატისტიკა წლებისა და გაკეთებული განაცხადების მიხედვით ასე გამოიყურება:
2016 წელი – 8,775 განაცხადი;
2017 წელი – 12,060 განაცხადი;
2018 წელი – 20,950 განაცხადი;
2019 წელი – 22,765 განაცხადი;
2020 წელი – 8,095 განაცხადი;
2021 წელი – 14,970 განაცხადი;
2022 (იანვ.-ივნ.) წელი – 11,580 განაცხადი.
2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საზღვრის დაცვის პოლიცია გადაწყვეტს, საქართველოდან შენგენის ზონაში (ევროკავშირის ქვეყნებში) გაუშვას თუ არა საქართველოს მოქალაქე.
2021 წლის 1-ელი იანვრიდან პოლიცია ევროკავშირში წასვლის მსურველი ადამიანის საბუთებს რამდენიმე კრიტერიუმით ამოწმებს და თუ რომელიმე მათგანი დაირღვევა, მოქალაქე საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთს.
ეს კრიტერიუმებია:
● თუ ადამიანს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს საზღვრის კონტროლისთვის.
● ბიომეტრიული პასპორტის ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები დრო.
● არ აქვს საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, ბილეთის ჯავშანი, შენგენის ზონის ქვეყანაში საცხოვრებელში ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასპინძლის თანხმობა.
● არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.
● არ დაადასტურებს, რომ აქვს მოგზაურობისთვის საჭირო თანხა.