საქართველო: საარსებო მინიმუმი 238.2 ლარამდე გაიზარდა
საარსებო მინიმუმი 238.2 ლარამდე გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 282.2 ლარს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ თებერვლის თვიდან მარტამდე საარსებო მინიმუმი 6.1 ლარით გაიზარდა.
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
- ხორბლის პური – 250 გრამი
- სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
- ლობიო – 20 გრამი
- ბრინჯი – 10 გრამი
- წიწიბურა – 10 გრამი
- ძროხის ხორცი – 40 გრამი
- მაკარონი – 15 გრამი
- ღორის ხორცი – 20 გრამი
- რძე – 150 მილილიტრი
- ხაჭო -15 გრამი
- ყველი – 20 გრამი
- ნადუღი – 5 გრამი
- ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.