სამოქალაქო ინიციატივა მთავრობას: დაუყოვნებლივ დაიწყეთ რეფორმები
სამოქალაქო ინიციატივა მთავრობას
სამოქალაქო ინიციატივა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმები დაუყოვნებლივ დაიწყოს.
მათი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი.
“24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია:
- ე.წ. შარლ-მიშელის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება;
- ყველა სახელმწიფო უწყების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება, მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
- საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება;
- მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;
- ანტიკორუფციული რეფორმა;
- საქართველოს დეოლიგარქიზაცია;
- ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაზრდა;
- მედია გარემოს გაუმჯობესება;
- ადამიანის უფლებების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვა;
- გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება;
- სახალხო დამცველის არჩევის პროცესში დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა.
“ჩვენის მხრივ, მზად ვართ სახელმწიფო ორგანოებს გადავცეთ ჩვენს მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები”, – ამბობენ ინიციატივის წარმომადგენლები.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – ამ და მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.