სალომე ზურაბიშვილი: არ მინდა, რომ ექსპრეზიდენტი ციხეში მოკვდეს
სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არ უნდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს, ამის შესახებ პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა,
ჟურნალისტი მას შეწყალების მექანიზმის შესახებ ესაუბრა და ჰკითხა, რატომ არ იწყალებს მესამე პრეზიდენტს.
“მე ეს ძალაუფლება არ მაქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სასამართლო ჯერ არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ – ასეთია საქართველოს კანონმდებლობა, რომ შეწყალება ჩაერთვება მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სასამართლოს დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტის შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
“საქართველოში არ არის ერთი ოჯახიც კი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავდა მსგავსი ტიპის ავტოკრატიული რეჟიმი. ამიტომ, არ მინდა მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტი გავხდე, თუმცა მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური – არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიადგეს გამოუსწორებელი შედეგები, ამიტომ მე ძალიან ახლოდან ვაკვირდები სამედიცინო ფაქტორს, ველოდი, რომ დღეს იქნებოდა საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის ახალი დასკვნა, თუმცა ჯერ არ გამოსულა”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სააკაშვილი სამედიცინო გამოკვლევების მიზნით, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ, თუმცა მისი თქმით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა.
● მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა – ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
● “სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების გამო” – მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა PEACE-ს ისტორიულ რეზოლუციას
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
უკვე 1 წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ იშიმშილა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ ჯერ გლდანის ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო ბოლოს კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებითაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამძიმებული. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.