საკოორდინაციო საბჭომ ორი ახალი რეგულაცია დააწესა
ეპიდვითარების გაუარესების გამო საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში ახალი რეგულაციები დააწესა.
- ხვალიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე;
- სპორტულ ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
აქედან გამომდინარე, 2 სექტემბერს, ბათუმში, საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
“იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე”, — განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
შეზღუდვებზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, ტრანსპორტის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლს დაეხმარა.
“ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები. ძალიან ადრეა ჯერ საუბარი, რამდენად ამის შენარჩუნება მოხდება, მაგრამ მოგეხსენებათ, მობილობის ნებისმიერი კლება იწვევს კონტროლის უფრო მეტ შესაძლებლობას”, — განაცხადა მან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, საჭირო გახდება რეგულაციების გამკაცრება.
“დღეს ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ სხვა გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. მთავარი არის ის, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, დავიცვათ ის, რაც არსებობს და კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, რომ 50%-ზე ვართ დასული პირბადის ტარებით. ყველაზე ძლიერი რეგულაცია გახლავთ პირბადე. ყველამ ვატაროთ პირბადე, წავიდეთ და ავიცრათ”, — აღნიშნა გამყრელიძემ.
_____________________________________________
● საქართველოს პრეზიდენტი: დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე
● საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83 პროცენტი აცრილია
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
_____________________________________________
საქართველოში ახალი შეზღუდვები 14 აგვისტოდან მოქმედებს. შესაბამისად, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ამასთან ერთად იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 50-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
ბოლო ერთი კვირაა, ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტია, ხოლო ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა და დაიღუპა 60 ადამიანი.