სახდეპის მესამე განცხადება: კანონის მხარდამჭერები პასუხისმგებლები იქნებიან ქვეყნის მომავლისთვის რისკის შექმნაზე
სახდეპის მესამე განცხადება აგენტების კანონზე
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი უკვე მესამე განცხადებას აკეთებს “აგენტების კანონზე” და ამბობს, რომ კანონის მხარდამჭერები პასუხისმგებლები იქნებიან ქვეყნის მომავლისთვის რისკის შექმნაზე.
● თეთრი სახლი: “უცხოური აგენტების” კანონი ეფუძნება რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას
● ნედ პრაისი: “აგენტების კანონმა” შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას
“ჩვენ კვლავ ძალიან შეწუხებულები ვართ უცხოელი აგენტების შესახებ წარდგენილი კანონპროექტით. იმის გამო, რომ ეს სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოტივირებულები არიან, რომ ააშენონ უკეთესი მომავალი საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში კანონის პოტენციური შედეგების გამო – სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის კუთხით. ჩვენი სათქმელი მარტივია, ჩვენ ეს საჯაროდაც ვთქვით და პირადადაც მივაწოდეთ – ყველა, ვინც ამ კანონპროექტს მისცემს ხმას, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური რისკის შექმნაზე. ასეთი კანონი არ შეესაბამება იმ მისწრაფებებს, რომელსაც ქართველი ხალხი ათწლეულებია გამოხატავს.” – განაცხადა ნედ პრაისმა.
● რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
● “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
●რას ფიქრობენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტზე. სპოილერი: კარგს არაფერს
გუშინ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სპონტანურად დაიგეგმა მას შემდეგ, რაც დღეს, 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ხმაურისა და პროტესტის ფონზე განიხილა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტები.
საქართველოს მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ.
27 თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: ერთი 14 თებერვალს დარეგისტრირდა და ის რუსული კანონის ანალოგია; მეორე კი, ალტერნატივის სახით დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პირველს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს მეორე, მისი ავტორების თქმით, არის ამერიკული კანონის (FARA-ს) ანალოგი. მათ თქვეს, რომ FARA პირდაპირ თარგმნეს.
ორივე კანონპროექტის ავტორია მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც მმართველი გუნდისგან ფორმალურად გამოყოფილმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს. „ხალხის ძალა“ მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მეტიც, მისი წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ “ხალხს სიმართლე უთხრას დასავლეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს”.
კანონპროექტს აკრიტიკებს ყველა, მმართველი პარტიის გარდა: ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორი, ოპოზიცია, ექსპერტები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში იყვნენ და საქართველოს პრეზიდენტიც კი.
კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ამერიკელი სენატორები თუ ევროპელი დეპუტატები. ამერიკის ელჩმა კი მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი”.