ნედ პრაისი: "აგენტების კანონმა" შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას
ნედ პრაისი აგენტების კანონზე
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა “უცხოური აგენტების” შესახებ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
16 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამიჯნული დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა “უცხოური აგენტების” შესახებ და განაცხადა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრაისის განმარტებით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე. ამის შესახებ ნედ პრაისმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ არაერთხელ განმეორებით გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ საქართველოს მთავრობასთან. ინიციირებული კანონპროექტი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებსაც სურთ შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის.
გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულებში.
განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს”, აშკარად სიცრუეა. კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული”. – თქვა პრაისმა.
● რას ნიშნავს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელსაც “ქართული ოცნება” იღებს. რა ვიცით ამ დროისთვის
● “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
● რას ფიქრობენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტზე. სპოილერი: კარგს არაფერს
საქართველოს მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა დარეგისტრირდნენ.
27 თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: ერთი 14 თებერვალს დარეგისტრირდა და ის რუსული კანონის ანალოგია; მეორე კი, ალტერნატივის სახით დარეგისტრირდა მას შემდეგ, რაც პირველს დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს მეორე, მისი ავტორების თქმით, არის ამერიკული კანონის (FARA-ს) ანალოგი. მათ თქვეს, რომ FARA პირდაპირ თარგმნეს.
ორივე კანონპროექტის ავტორია მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც მმართველი გუნდისგან ფორმალურად გამოყოფილმა დეპუტატებმა ჩამოაყალიბეს. „ხალხის ძალა“ მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. მეტიც, მისი წევრები პირდაპირ აღიარებენ, რომ ეს პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ “ხალხს სიმართლე უთხრას დასავლეთის შესახებ, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს”.
კანონპროექტს აკრიტიკებს ყველა, მმართველი პარტიის გარდა: ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორი, ოპოზიცია, ექსპერტები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში იყვნენ და საქართველოს პრეზიდენტიც კი.
კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ამერიკელი სენატორები თუ ევროპელი დეპუტატები. ამერიკის ელჩმა კი მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი”.