კელი დეგნანი: ბოლო თვეებია, საქართველოში ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დასავლეთთან პარტნიორობას
კელი დეგნანი დასავლეთთან პარტნიორობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ბოლო თვეებია, საქართველოში ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დასავლეთთან პარტნიორობას. მისივე განმარტებით, ეს ეწინააღმდეგება მკაფიო არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა:
“ხალხმა, რომელმაც მკაფიოდ აირჩია ევროპისკენ სვლა. ხალხს ევროპული მომავალი სურს, ხალხს უნდა ძლიერი დემოკრატია და აყვავებული ეკონომიკა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული რუსეთზე.”
როგორც ელჩი აღნიშნავს, საქართველოს რეალური პროგრესი აქვს რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზაზე და ეს უნდა გაგრძელდეს. დეგნანი ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველო რუსეთზე დამოკიდებული იყოს – ვაჭრობისთვის, უსაფრთხოებისა თუ ნებისმიერი სხვა მიზეზით.
“საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს – ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები. მე ვფიქრობ, რომ მათ, ვინც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ამ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საქართველოს აშშ-სთან, ევროკავშირსა და სხვა ბევრ ქვეყანასთან აქვს, უნდა გაიგონ ქართველი ხალხისგან, რომ ეს მიუღებელია. თქვენი არჩევანი, თქვენი მომავალი თქვენ გეკუთვნით.” – აცხადებს კელი დეგნანი.
● “ჩვენ ყველა შესაძლებლობა გავუშვით”- რა შეცვალა უკრაინის ომმა საქართველოში. ანალიზი
● რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის ერთობლივი პროტესტი
● “რუსული კანონის მსგავსია” – ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში. მთავარი
20 თებერვალს საქართველოს ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ესტუმრნენ. ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ “უცხოური აგენტების” კანონზე განაცხადა, რომ კანონპროექტი არაა აშშ-ის კანონმდებლობის მსგავსი და ის რუსული კანონის მსგავსია.
სენატორმა შაჰინმა დაადასტურა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ივანიშვილის საკითხიც გაჟღერდა, ისევე “როგორც სხვა საუბრების დროს.” მისი თქმით, საუბარი შეეხო 12 პუნქტიან გეგმას და ასევე დეოლიგარქიზაციას.
ჯინ შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმუშაონ თავისი პროფესიით. სენატორის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციებში მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
16 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი “ქართული ოცნებიდან” ფორმალურად გამიჯნული დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა “უცხოური აგენტების” შესახებ და განაცხადა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრაისის განმარტებით, კანონი დაფუძნებულია არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ რეგისტრაციის აქტზე. ამის შესახებ ნედ პრაისმა ბრიფინგზე ისაუბრა.