არასამთავრობოები: სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს
სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს
16 არასამთავრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, რომ ყოფილ პრეზიდენტს მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს
“მიგვაჩნია, რომ მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოები საზოგადოებას ახსენებენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული: მას აღენიშნება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:
“შესაბამისად, პატიმარს დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური მიზანშეწონილების ნებისმიერი მოტივი და შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის სტანდარტით.”
გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. როგორც კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. ექიმის თქმით, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი ამ დროს “საკუთარ თავს ინელებს.”
კონსილიუმის აზრით, ამის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია ანუ მადის დაქვეითება. წულაძის განმარტებით, სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა “ეს რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის.”
20 აპრილს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. სასამართლო პროცესი, რომელზეც ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდნენ, დროებით შეწყდა.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაყვანას და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული, საქართველოში ფარულად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს ის დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
ყოფილი პრეზიდენტი 50 დღე შიმშილობდა. ბოლო ორი კვირა ის აღარ იღებდა აღარც სამკურნალო მედიკამენტებს. საბოლოოდ, მესამე პრეზიდენტი გორის სამედიცინო დაწესებულებაში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.