ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს გამოსცა.
ქვეყნის პირველი პირის ბრძანებულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
’საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით ‘საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ‘ბ’ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ‘გ’ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს’, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების რეკომენდაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას იუსტიციის სამინისტრომ 3 დეკემბერს მიმართა.
სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ის უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.