"პასუხის მიღების შემდეგ, მზად ვარ, გადავიდე ვივამედში" – სააკაშვილი 5 პირობას ასახელებს
სააკაშვილი 5 პირობას ასახელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 5 პირობაზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად არის, გამოკვლევებისთვის კლინიკა “ვივამედში” გადავიდეს. მისი წერილი ციხიდან ადვოკატმა და “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გამოიტანა.
ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა ვივა მედში გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:
1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი.
2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს.
3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი ემპათიის ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;
4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე ვივა მედში
5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით”. – წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით კლინიკა“ვივამედში”გადაყვანას შესთავაზებენ. მინისტრის განმარტებით, “ვივამედში” ექსპრეზიდენტს ჩაუტარდება გამოკვლევები და “საჭიროების შემთხვევაში” შესაბამისი მკურნალობა.
ბრეგძემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ სააკაშვილი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც, საკუთარი გადაწყვეტილებით, “ფაქტობრივად უარს ამბობს სრულფასოვან მკურნალობაზე.”
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.
უკვე შვიდი თვეა, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ შიმშილობდა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.