აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებულ სამ ქართველს 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში მცხოვრებ სამ ქართველ ახალგაზრდას, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსმა სამხედროებმა 6 ივნისს დააკავეს, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” ადანაშაულებს.
თბილისი აღნიშნულ საზღვარს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდები უკანონოდ არიან გატაცებული.
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ადასტურებს, რომ ამჟამად სოხუმში, მათ საგამოძიებო იზოლატორში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება.
აფხაზეთის დე ფაქტო კანონმდებლობით, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან ერთად, საქართველოდან აფხაზეთში სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 6 ივნისს დააკავა 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია“, – წერია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
მათი განცხადებით, საქართველოს სამი მოქალაქე გალის რაიონის სოფელ ალაკუმხარაში (ლეკუხონაში) დააკავეს.
- გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მკვლელი ისევ დაუსჯელია
- საქართველოს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. რას ნიშნავს ეს და როგორ იმუშავებს?
გატაცებულთა ახლობლების ინფორმაციით კი, ისინი ჯართს აგროვებდნენ, რა დროსაც მათ თავს შეიარაღებული რუსი სამხედროები დაესხნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 3 მოქალაქის დაკავების გამო ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.