ქორწინება კრედიტით
აფხაზეთის ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ახალგაზრდებს შორის ქორწინების დაგვიანების მთავარი მიზეზია ტრადიციული ქორწილისთვის საჭირო თანხის არქონა, და ორიგინალური გამოსავალი მოიფიქრეს – ახალგაზრდა წყვილს მოკლევადიან, უპროცენტო კრედიტს სთავაზობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სულაც არაა ფუჭი და უსარგებლო. უამრავი დაპატიჟებული სტუმრის გამო, აფხაზურ ქორწილს, უკვე დიდი ხანია, ხუმრობით შეარქვეს “მოსახლეობის აღწერა”. ტრადიცია მოითხოვს, რომ მიიწვიონ არა მხოლოდ ნათესავები (ნათესავები კი ისეთი ცნებაა, რომელიც ბევრნაირად შეიძლება გავიგოთ), არამედ სიძისა და პატარძლის ოჯახების ყველა წევრის მეგობრები, თანაკლასელები, ჯგუფელები, თანამშრომლები და, რა თქმა, უნდა მეზობლებიც. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში მეზობლის ცნებაც არაერთგვაროვანია.
ამდენად, აფხაზურ საზოგადოებაში ნორმად მიღებული ტრადიციული ქორწილის გადასახდელად, სულ ცოტა, 500 (უკეთეს შემთხვევაში კი ათასი) სტუმრის დაპატიჟებაა საჭირო. ასეთი ნადიმის მოწყობა კი დაახლოებით ერთ მილიონი რუბლი ჯდება [დაახლოებით $15,000]. საქორწილო წვეულების ორგანიზებისთვის გამიზნული მოკლევადიანი კრედიტი მხოლოდ 200 ათასი რუბლით [დაახლოებით $3,000] განისაზღვრება.
მიუხედავად ამისა, კომიტეტის ინიციატივამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამ მომსახურებით უკვე ოცდაათზე მეტმა წყვილმა ისარგებლა, და ამდენივე თავის რიგს ელოდება.
ფულის გაცემის პროცედურა ძალიან მარტივია. ცნობები და საბანკო გარანტიები საჭირო არ არის. მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ თითოეული ახალდაქორწინებულის ასაკი 35 წელს არ აჭარბებდეს.
თანხა, ჩვეულებრივ, ქორწილის წინასწარ დათქმულ თარიღამდე ორი კვირით ადრე ერიცხება ერთ-ერთი მექორწილეს პირად ანგარიშზე. ახალდაქორწინებულები ვალდებულნი არიან, დავალიანება წვეულების შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს დაფარონ. როგორც წესი, კრედიტის გადახდა ქორწილში სტუმრებისგან საჩუქრად მიღებული ფულით ხდება ხოლმე.
სახელმწიფო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მექორწილეები პასუხისმგებლობითა და დისციპლინით გამოირჩევიან – ყველა მათგანმა დროულად დააბრუნა აღებული ვალი.
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ალიას ავიძბა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს პროექტის ბიუჯეტი გაიზრდება, “ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში უცოლოების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება და შობადობაც გაიზრდება.”