როგორ მუშაობს "ქართული ოცნების“ პარლამენტი? SJC მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აანალიზებს
“ქართული ოცნების“ პარლამენტი
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას აანალიზებს (2024 წლის 25 ნოემბრიდან 2026 წლის 26 ივნისამდე) და აღნიშნავს, რომ პარლამენტის საქმიანობა ერთი მხრივ, მიზანში იღებს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და უფლებებს, მეორე მხრივ კი აძლიერებს აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციას და ცენტრალიზაციას.
ანგარიშის ძირითად მიგნებებს ორგანიზაციის დირექტორი, თამთა მიქელაძე აქვეყნებს:
➞ ამ პერიოდში პარლამენტმა 276 საკანონმდებლო პაკეტი/ინიციატივა მიიღო. მათი თითქმის ნახევარი დაჩქარებული, ხოლო დაახლოებით 10% გამარტივებული წესით განიხილებოდა. ანუ საკანონმდებლო აქტების დაახლოებით 60% პარლამენტმა დაჩქარებული ან გამარტივებული პროცედურებით მიიღო. აღმასრულებელი ხელისუფლება ინიციატივების რაოდენობით თავად პარლამენტს უსწრებდა, რაც აჩვენებს, რომ საკანონმდებლო დღის წესრიგი მნიშვნელოვნად სწორედ მთავრობის ინიციატივებით იყო განსაზღვრული.
➞ ამავე პერიოდში, „ქართული ოცნების“ პარლამენტს ოპოზიციის არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ მიუღია, მათ შორის არც წინა მოწვევიდან გადმოყოლილი და არც „გახარია საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი. „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივებზე პოლიტიკური წინააღმდეგობა მხოლოდ 38 შემთხვევაში დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინიციატივები ერთხმად მიიღეს.
➞ კანონშემოქმედების პროცესის ხარისხიც პრობლემურია. განმარტებითი ბარათები, როგორც წესი, არ მიუთითებდა ფართო კონსულტაციებზე და ხშირად არც შესაბამის სექტორულ ან შედარებით-სამართლებრივ ანალიზს შეიცავდა. 276 ინიციატივიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში იყვნენ ჩართული ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტები, ხოლო მხოლოდ 8 ინიციატივა ითვალისწინებდა კანონმდებლობის ევროსაბჭოს, ევროკავშირისა ან გაეროს სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციას.
ამ ფონზე, პარლამენტის საქმიანობა შეიძლება დავყოთ რამდენიმე ძირითად მიმართულებად:
● სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და რეპრესიული კონტროლი – 7 საკანონმდებლო ცვლილება.
რუსულ კანონთან ერთად მიიღეს FARA-ს კანონი და დრამატული ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, რომელმაც სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა ფაქტობრივად სრულად დაუქვემდებარა სახელმწიფო კონტროლს და მათი საქმიანობის ცალკეული ფორმების კრიმინალიზება მოახდინა. ასევე შეიქმნა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, გამკაცრდა გრანტების გაცემისა და მიღების წესები, გაფართოვდა გრანტის სამართლებრივი დეფინიცია და დაწესდა ახალი სისხლისსამართლებრივი და ფინანსური სანქციები.
● მედია და გამოხატვის თავისუფლება – 6 პირდაპირი ცვლილება.
გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც მედიას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, რუსული კანონის, FARA-ს, გრანტების შესახებ კანონმდებლობისა და სხვა რეგულაციების გავლენითაც შეეხო. შეიცვალა უცხოური დაფინანსების წესები, გაიზარდა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების შესაძლებლობები, დაწესდა ახალი მოთხოვნები მაუწყებლობის შინაარსთან დაკავშირებით, შეიზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება და გაძლიერდა ფინანსური კონტროლის მექანიზმები.
● შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე 5 ცალკეული ცვლილება გატარდა.
აღნიშნულმა ცვლილებებმა გაზარდა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პროტესტთან დაკავშირებულ ქმედებებზე.
● საჯარო სამსახური – 8 ცვლილება.
შემცირდა საჯარო მოხელეთა ინსტიტუციური გარანტიები, გაიზარდა პოლიტიკური დანიშვნებისა და ზემდგომის დისკრეციის როლი, გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო და გაფართოვდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების შესაძლებლობები. პარალელურად, გაჩნდა ისეთი ფინანსური ბენეფიტები და საქმიანობის ნებართვის მექანიზმები, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზემდგომის გადაწყვეტილებაზე. ეს ქმნის არა მხოლოდ პოლიტიზაციის, არამედ კლიენტელისტური მართვის რისკს.
● განათლება და აკადემიური სფერო ასევე გახდა ცენტრალიზაციის სამიზნე.
2025–2026 წლებში მიღებული ცვლილებებით გაიზარდა მთავრობის გავლენა უნივერსიტეტების დაფინანსებაზე, სტუდენტთა რაოდენობაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, უნივერსიტეტების რეორგანიზაციასა და ინსტიტუციურ მოწყობაზე. ამ პროცესში აკადემიური მონაწილეობის დაბალი ხარისხი თავად აკადემიური თავისუფლების პრობლემაზე მიუთითებს.
● იდეოლოგიური და პროპაგანდისტული მიმართულებით – 7 ძირითადი საკანონმდებლო ცვლილება.
მათ შორის გაჩნდა „სამშობლოს ღალატის“ ახალი დანაშაული, კანონმდებლობიდან გაქრა ტერმინი „გენდერი“, გამკაცრდა ნარკოპოლიტიკა, შეიცვალა უცხოელთა შრომითი და საიმიგრაციო რეჟიმები და გაფართოვდა სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმები. ამ ცვლილებებს აერთიანებს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკის გამკაცრება, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური კატეგორიების სამართლებრივ რეგულაციად ქცევა.
ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა მიიღო პარლამენტმა, არამედ ისიც, რა არ გახდა მისი დღის წესრიგის ნაწილი. საანგარიშო პერიოდში უკანა პლანზე დარჩა ან გადაიდო ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებული იყო ბავშვთა და პატიმართა უფლებებთან, საჯარო შესყიდვებთან და კორუფციის პრევენციასთან, გარემოს დაცვასა და სამოქალაქო უსაფრთხოებასთან, ჯანდაცვასთან, ქალაქგეგმარებასა და მშენებლობასთან, განათლებასთან, რეგიონულ პოლიტიკასთან, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმთან. შესაბამისად, პარლამენტის დღის წესრიგში აშკარად ჭარბობდა შემზღუდავი და მაკონტროლებელი კანონმდებლობა, ხოლო საზოგადოებრივი ინტერესების ფართო სპექტრის მომცველი პოზიტიური საკანონმდებლო დღის წესრიგი შესამჩნევად იყო შესუსტებული.
● აშკარად ჩანდა კონკრეტულ პირებზე დამიზნებული Ad Hominem კანონების მიღების ტენდენციაც.
2025 წლის 13 დეკემბრის ცვლილება სახელმწიფო დაცვის შესახებ კანონში, პრაქტიკული შედეგით, პირდაპირ უკავშირდებოდა სალომე ზურაბიშვილს. 2025 წლის 16 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო ცვლილების მიღების დროითი თანხვედრა გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოში გადმოყვანის პროცესთან კი საფუძვლიან კითხვას აჩენს, ხომ არ ქმნიდა იგი კონკრეტული საქმის მიმართ სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენების საფუძველს. 2025 წლის 3 სექტემბრის ცვლილებებმა კი გააფართოვა მსჯავრდებულის ქონებისა და დაკავშირებული პირების ქონების მიმართ აღსრულების შესაძლებლობები და გარკვეულ შემთხვევებში ქვეყნის დატოვების მრავალწლიანი შეზღუდვები დააწესა.

“ამდენად, პარლამენტის საქმიანობა ერთი მხრივ, მიზანში იღებს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და უფლებებს, მეორე მხრივ კი აძლიერებს აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციას და ცენტრალიზაციას.
ამ პროცესის აღსაწერად მნიშვნელოვანია „ავტოკრატიული ლეგალიზმის“ და „თვალთმაქცური სამართლის“ თეორიული ჩარჩო. ასეთ სისტემაში კანონი ფორმალურად შეიძლება აკმაყოფილებდეს სამართლებრივი აქტის ტექნიკურ მოთხოვნებს, მაგრამ კარგავს მის ძირითად ფუნქციას, ძალაუფლების შეზღუდვასა და თვითნებობის შემცირებას. სამართალი უკვე აღარ მოქმედებს როგორც ხელისუფლების შემზღუდველი მექანიზმი და თავად ხდება ძალაუფლების შენარჩუნებისა და კონსოლიდაციის ინსტრუმენტი.
მოკლედ, ავტოკრატიზაციის პროცესი პირველად საქართველოში, რომელიც ყოველთვის გადიოდა რყევებს ჰიბრიდული დემოკრატიიდან ჰიბრიდულ ავტორიტარიზმისკენ, აგრესიულად და სისტემურად ეხება უშუალოდ სამართლის სფეროს და მას სრულად უცვლის შინაარსსა და ბუნებას.
პოსტ-კრიზისული/პოსტ-ავტორიტარული რეაბილიტაცია ქართული ოცნების მიერ დასახიჩრებული სახელმწიფო, პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური სხეულის რა რთული იქნება, ჩვენ ჯერ სათანადო წარმოდგენაც არ გვაქვს.” – წერს თამთა მიქელაძე.