ქართული კომპანიები აცრილ მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობენ
ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი Atsrili.ge, რომელიც სხვადასხვა კომპანიის წამახალისებელ ინიციატივებს აერთიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის.
როგორც საიტის ადმინისტრატორები აღნიშნავენ, ეს არის პლატფორმა, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდების შეთავაზებებს მოიცავს ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის.
“ჩვენი მიზანი – ვაქცინაციის პროცესის მასტიმულირებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და რაც შეიძლება მეტი ბრენდის ჩართვაა ამ კარგ საქმეში”, — აღნიშნულია მათ განცხადებაში.
კამპანიაში უკვე ჩაერთნენ სხვადასხვა პროდუქტის – ღვინის, კარაქისა თუ შოკოლადის მწარმოებლები. ასევე სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. მათი ნაწილის შეთავაზებები მხოლოდ ერთი დოზით აცრილ მოქალაქეებზეც ვრცელდება, ნაწილისა კი – სრულად აცრილებზე.
საიტზე შეხვდებით სამედიცინო კლინიკა “ევექსის” შეთავაზებასაც, რომელიც მომხმარებლებს 500-ლარიანი თანაგადახდის ვაუჩერს სთავაზობს ქირურგიულ მომსახურებაზე. ასევე, 50%-იან ფასდაკლებას სრულ ლაბორატორიულ კვლევაზე.
ბიზნესის ინიციატივა
ფასდაკლება აცრილ სტუმრებს, ხელფასის დანამატი აცრილ დასაქმებულებს – ამ ინიციატივით რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე გამოვიდა.
მისი განმარტებით, ეს იქნება ბიზნესის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რათა ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი მიენიჭოთ და ეს ინიციატივა არანაირად არ გულისხმობს არავაქცინირებულების შეზღუდვას.
ამ იდეას უკვე ბევრი რესტორანი იზიარებს, მათ შორის არიან „მარანი“, „მარანი ჰოლი“, „ბატონთა“ და ა.შ.
თუმცა, ბურჯანაძის თქმითვე, ზოგიერთი რესტორნისთვის ეს წარმოუდგენელია სტუმართან მიმართებაში, მაგრამ მისაღებია დასაქმებულებთან მიმართებაში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, დავბურნუნდებით 90-იან წლებში, სადაც გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია“, – განაცხადა მან.
_____________________________________________
● საქართველოს პრეზიდენტი: დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე
● საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83 პროცენტი აცრილია
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
_____________________________________________
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.
ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ provax.ge-ზე გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოში სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 0.19 პროცენტია.
ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა – 207 ინფიცირებულიდან მხოლოდ 8-ს (4 პროცენტი) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
საგულისხმოა ისიც, რომ სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში უკვე საწოლების პრობლემაა და ის გარკვეულ ზღვარზეა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრიც მიიღებს გადაწყვეტილებას.
10 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 664 997 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.