პროკურატურა: აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთები საქართველოს საზიანოდ შეთანხმდა
გენერალური პროკურატურა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საქართველოსთვის საზიანოდ შეთანხმების საკითხს სწავლობს.
უწყების მიერ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება დაიწყო “უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული კონკრეტულად რომელ შეთანხმებაზე ან პერიოდზეა საუბარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მოიპოვა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ახალი კარტოგრაფიული მასალები, რის გამოც ქართულ–აზერბაიჯანული 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ცნობით, ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთში მოღვაწე ოლიგარქმა, დავით ხიდაშელმა გადასცა, რომელმაც დოკუმენტაცია მოსკოვის არქივებიდან ჩამოიტანა.