პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში: პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი პოლიტიკური კრიზისი და პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირება გახდა, რომელიც მხარს ყოფილ პრეზიდენტს, პრორუს პოლიტიკოსს, იგორ დოდონს უჭერს.
„მე, ხელი მოვაწერე ბრძანებას პარლამენტის დაშლის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გავხსენით გზა, რომ მოქალაქეებს მიეცეთ ახალი პარლამენტის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს მოემსახურება“, – ციტირებს მაია სანდუს მოლდოვური გამოცემა Ziarul de Gardă.
ახალი პარლამენტის არჩევნების თარიღად, 2021 წლის 11 ივლისი გამოცხადდა.
პროევროპულმა პოლიტიკოსმა – 46 წლის მაია სანდუმ 2020 წლის ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი დაამარცხა.
თუმცა, პარლამენტში უმრავლესობა დოდონის სოციალისტურ პარტიასა და მის მოკავშირე პარტია „შორს“ დარჩა.
2021 წლის მარტში, პარლამენტმა კორონავირუსის პანდემიის გამო, 1-ლი აპრილიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტის შესაძლო დათხოვნის შესაჩერებლად მიიღეს, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კონსტიტუცია ამას კრძალავს.

თუმცა, 28 აპრილს, მოლდოვის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად სცნო და საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, რითაც პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ბარიერები მოუხსნა.
ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არ ეშინიათ ახალი არჩევნების და მზად არიან ბრძოლისთვის.