მაია სანდუ - მოლდოვის ახალი პრეზიდენტი. რა იქნება შემდეგ?
არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა. მისმა მოწინააღმდეგემ – მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა უკვე მიულოცა მას გამარჯვება, მაგრამ გააფრთხილა, რომ „დაიცავს თავისი ამომრჩევლის ხმებს“. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
ვინ არის მაია სანდუ
მოლდოვის ახალი პრეზიდენტი 46 წლის არის. ის პირველი ქალია ქვეყანაში, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
სანდუ სოფელ რისიპენში დაიბადა. მან უმაღლესი განათლების ორი ხარისხი მოლდოვაში მიიღო, ასევე დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი.

ის განათლების მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში იგორ დოდონთან დამარცხდა.
მაია სანდუ პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერია, რომელიც მოლდოვის ევროპაში ინტეგრაციას უჭერს მხარეს. მისი ძირითადი ამომრჩევლები – ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე პირები და ქალაქების მცხოვრებლები არიან.
ვინ არის იგორ დოდონი
მოლდოვის უკვე ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ამ თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა. მისი მთავარი იდეა – რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა.
ძირითადად, დოდონსა და მის სოციალისტურ პარტიას მხარს უჭერენ სოფლებში, ასევე დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში, სადაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება ერთიან მოლდოვის სახელმწიფოსა და ევროპაში ინტეგრაციას.

დოდონი ყველა ხელსაყრელი შემთხვევისას ხაზს უსვამს თავის სიმპათიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ. ბოლო წლებში, ის არის იმ რამდენიმე უცხოელი სტუმრიდან ერთ-ერთი, რომელიც 9 მაისს, მოსკოვს სტუმრობს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავს.
რა ელის მოლდოვას: საპარლამენტო ბრძოლა თუ „ნაყარნუყარების“ ბორგვა?
მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება არ გააჩნია.
პარლამენტში უმრავლესობას სოციალისტური პარტია ფლობს, რომელსაც იგორ დოდონი ხელმძღვანელობს. სწორედ იქ გაუწევს ის ახლა წინააღმდეგობას მაია სანდუს რეფორმებს.
ამიტომ, ახალი პრეზიდენტის პირველი და უმთავრესი ამოცანაა – მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სცენარი საკმაოდ რეალურია, მიაჩნია მოლდოველ პოლიტოლოგს, სტელა ჟანტუანს:
„როგორი კოალიციაც არ უნდა შეაკოწიწოს დოდონმა პარლამენტში, ის მათზე იქნება დამოკიდებული. იქ იქნება ნაყარნუყარისგან შექმნილი კოალიცია, ამასთან, პარტიების რაღაც ლოგიკას მისდევენ, ნაყარნუყარები – არა. ისინი ვერ შეძლებენ უმრავლესობის ფორმირებას, რომელიც საერთო მიზანზე იქნება მიმართული. ასეთ პარლამენტში ნებისმიერი კონსტრუქცია – გრძელვადიანი არაა. უმრავლესობის დეპუტატებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შიშიც რომ აკავშირებდეს ერთმანეთთან, ეს არჩევნები მაინც გაიმართება“.