სამხრეთ კავკასიის მთავარი ამბები. მიმოხილვა 28 სექტემბერი-2 ოქტომბერი, 2026
-
პარასკევი, 2 ოქტომბერი, საქართველო. კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) თბილისში ოფისს ხურავს
● კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) თბილისში ოფისს ხურავს. ფონდი გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს“ პირდაპირ შედეგად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ პირობებში საქართველოში საკუთარ ძირითად მისიას ვეღარ ასრულებს.
KAS-ის ცნობით, 28 ივლისს მთავრობამ ახალი „გრანტების შესახებ კანონის“ ფარგლებში წარდგენილი პროექტები არ დაამტკიცა. ფონდი ამბობს, რომ გამოსავლის მოძებნას გერმანიის ფედერალური მთავრობაც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
● დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები შეეხო საქართველოს ოთხ მოქალაქეს – ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძეს, მამუკა ფიფიასა და პაატა აბულაძეს. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდნენ.
სანქციები ასევე დაუწესდათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ მარატ კამბოლოვს, ალან გაგლოევსა და რუს პოლიტტექნოლოგ სერგეი ტოლმაჩოვს. მთლიანობაში ახალი პაკეტი 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს მოიცავს.
● მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებიდან ხუთი წლისთავზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკში საპროტესტო აქცია გამართა. სააკაშვილმა ციხიდან განცხადებაც გაავრცელა. მან საკუთარ პატიმრობას „უსამართლო ტყვეობა“ უწოდა და დაწერა, რომ ხუთი წლის შემდეგაც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
● საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი სეიდ ალი მოჯანი დაიბარეს. მიზეზი მისი განცხადებები გახდა, რომლებიც ქეთევან წამებულის ისტორიის „გადააზრებას“ ეხებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ელჩს უთხრა, რომ მსგავსი ინიციატივები მის დიპლომატიურ მანდატს სცდება და საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს. ქართულმა მხარემ გააფრთხილა ირანი, რომ მსგავსი შემთხვევების განმეორების შემთხვევაში შესაძლოა „დამატებითი ზომები“ მიიღოს.
● მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტო, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ფოტოზე კობახიძე და ტრამპი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
ადმინისტრაციის ცნობით, მიღება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებისთვის გაიმართა.
● 2027 წელს 70 წლის და უფროსი მოქალაქეების პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება, 70 წლამდე პენსიონერებისთვის კი 20 ლარით მოიმატებს და 390 ლარს მიაღწევს. მაღალმთიან რეგიონებში 20%-იანი დანამატი შენარჩუნდება.
● Eurostat-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებიდან 12 615 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს. პირველ კვარტალში მათი რაოდენობა 10 475 იყო და ამ მაჩვენებლით საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. მეორე კვარტალში ევროკავშირიდან 2 140 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
● მარნეულში 13 წლის მოზარდმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მეორე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც 16 წლამდე პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს. მეორე ახალშობილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
● ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ადვოკატის განცხადებით, უძილაური რუსეთში ექსტრადიციის მოლოდინში მყოფ რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევთან ერთად საკანში იმყოფება. უძილაურის პოზიციით, ტიმოფეევს რუსეთში პოლიტიკური დევნა და სიცოცხლისთვის საფრთხე ემუქრება.
უძილაური აკრიტიკებს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადირება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.
● საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიანი აქცია დაასრულეს. მათი მოთხოვნები – ეთერის დათმობა და მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა – არ დაკმაყოფილდა.
ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათი აქცია საინფორმაციო გამოშვებაშიც არ გააშუქა. ოჯახის წევრები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.● თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლები ბავშვების სხვა სკოლაში გადაყვანასა და მეორე ცვლაში სწავლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სკოლა მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთ-ერთ საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. მშობლები ითხოვენ ალტერნატიულ სივრცეს, სადაც ბავშვები დილის ცვლაში ისწავლიან, და ონლაინ სწავლებასაც ეწინააღმდეგებიან.
● საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებით, ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი შოთა მუსაევი იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებმაც Flydubai-ს რეისზე თავდამსხმელი გაანეიტრალეს. საელჩოს ცნობით, მან შემდეგ მძიმედ დაჭრილ პილოტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და ძლიერი სისხლდენა შეუჩერა.
რეისი, რომელშიც 174 მგზავრი იმყოფებოდა, საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. თავდასხმის გარემოებებს საუდის არაბეთში იძიებენ.
● მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიისა და უნგრეთის მიტროპოლიტი არსენი 50-კაციან დელეგაციასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებსა და ავსტრიასა და უნგრეთში ქართული სამრევლოების მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
●„თბილისობის“ გამო დედაქალაქის ცენტრში მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება. შეზღუდვები შეეხება ევროპის მოედანს, მეტეხის ხიდსა და აღმართს, ღვინის აღმართს, ათონელის, აბანოს, გრიშაშვილისა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩების მონაკვეთებს. რიგ ადგილებში შეზღუდვები 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება და შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
მერიის ცნობით, „თბილისობის“ ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, ლეღვთახევში, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე გაიმართება. 4 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაა დაგეგმილი.
ფოტო; აქცია მიხეილ სააკაშცილის მხარდასაჭერად/ენმ

-
პარასკევი, 2 ოქტომბერი, სომხეთი. აზერბაიჯანელი სამხედრო სომხეთში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და სიუნიქში ქალს ესროლა
● სომხეთში აზერბაიჯანელი სამხედრო დააკავეს. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, სიუნიქის მცხოვრების სახლში შეაღწია და ქალს ფეხში ესროლა. სამხედრო გაქცევას ცდილობდა, თუმცა დააკავეს. აზერბაიჯანულმა მხარემ ერევანს ჯერ კიდევ 29 სექტემბერს აცნობა, რომ ერთ-ერთმა სამხედრომ გაურკვეველ ვითარებაში დატოვა სამსახურის ადგილი და შესაძლოა სომხეთის საზღვარი გადაეკვეთა. დაჭრილი ქალი ერევანში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება მის ორ შვილსაც დასჭირდა, ერთს დაჟეჟილობა, მეორეს კი მაჯის მოტეხილობა დაუდგინდა.
● პრორუსული ოპოზიციური პარტია „სომხეთის“ წარმომადგენლებმა მომხდარის გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს. დეპუტატმა იშხან საღათელიანმა ინციდენტს საზღვრის დაუცველობის მტკიცებულება უწოდა და დაკავებული სამხედროს ბაქოში მყოფ სომეხ პატიმრებზე გაცვლა მოითხოვა. ფრაქციის ხელმძღვანელმა ანა გრიგორიანმა კი განაცხადა, რომ სამხედრო აზერბაიჯანს „კეთილი ნების ჟესტის“ სახით არ უნდა გადასცენ.
● სომხეთი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მე-13 ადგილზეა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არმენ ღაზარიანმა გაეროს სესიაზე გამოსვლისას.
● მოსკოვში წარადგინეს რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო დაკავშირების პროექტი, რომელსაც სამუშაო სახელად „პუტინის გზა“ ეწოდა. „ვექტორ კავკაზას“ ინფორმაციით, ინიციატივა საბჭოთა პერიოდში მოქმედი მარშრუტის აღდგენას ითვალისწინებს. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის კვლევების ცენტრის დირექტორი არამ საფარიანი პროექტის განხილვას სამხრეთ კავკასიის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად მიიჩნევს.
● რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსეი შევცოვი აცხადებს, რომ აშშ-ს მომავალში სომხეთში TRIPP-ის, ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ მონაკვეთზე ტვირთების გადაადგილების შეზღუდვა შეეძლება, თუ შესაბამის სანქციებს დააწესებს. მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში მონაწილე ამერიკულ მხარეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები ექნება.
● ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეების მხრიდან მთავრობისთვის უსაფუძვლო წერილების გაგზავნაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების იდეა გამოთქვა. მისი თქმით, ყოველდღიურად იღებს მრავალ მიმართვას ისეთ საკითხებზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში არ შედის, მათ შორის სასამართლო დავებსა და ოჯახურ ქონებრივ კონფლიქტებზე.
● პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეთრი სახლის რწმენის საკითხთა ოფისის უფროს მრჩეველ უაით კეინს შეხვდა. მხარეებმა ამ მიმართულებით თეთრ სახლთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
● ფაშინიანმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება სომხეთი ირანის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს. მისი თქმით, ერევანი მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუ თავად სომხეთს სანქციების ქვეშ მოხვედრის საფრთხე შეექმნება.
● 1 იანვრიდან სომხეთში მინიმალური პენსია 1 000 დრამით, დაახლოებით $3-ით გაიზრდება, ხოლო სამუშაო სტაჟის თითოეული წლისთვის გათვალისწინებული თანხა 500 დრამით მოიმატებს. გაიზრდება სამხედრო პენსიაც. ცვლილება დაკრძალვისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარების გაუქმების ხარჯზე ფინანსდება. მთავრობა პენსიების ზრდისთვის დამატებით დაახლოებით 5,5 მილიარდ დრამს, დაახლოებით $15 მილიონს გამოყოფს.
● ორგანიზაცია „არცახის კავშირის“ წარმომადგენლებმა მთავრობის შენობასთან აქცია გამართეს და ხელისუფლებას აზერბაიჯანის ციხეებში მყოფი სომხებისთვის განკუთვნილი 1 254 წერილი გადასცეს. მათ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელზე ოფიციალური პეტიციაც წარადგინეს

-
ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, საქართველო. ორი წლით პატიმრობა მისჯილ ჟურნალისტ, მზია ამაღლობელს, ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო მიენიჭა
● „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია 30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა. ამაღლობელისთვის განკუთვნილი ჯილდო პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელ ირმა დიმიტრაძეს გადასცა. ცერემონიას ლეხ ვალენსაც ესწრებოდა.
● საქართველო 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის, თუმცა Rapporteur-ის ცნობით, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატურას მხარს არ უჭერს. ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უჭერს მხარს, თუმცა თურქეთი მის კანდიდატურას ბლოკავს. ევროკავშირის პრესსპიკერმა გამოცემას უთხრა, რომ ბრიუსელი ალტერნატიულ კანდიდატებს არ განიხილავს. საკითხი შესაძლოა 3-4 დეკემბერს, ლუგანოში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე დადგეს.
● პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა. პროექტით, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 735 ლარამდე იზრდება, ხელფასები კი 8,4%-მდე მოიმატებს. 70 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების პენსია 60 ლარით, 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის კი 20 ლარით, 390 ლარამდე. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები 37,531 მილიარდი ლარია, კაპიტალურ ხარჯებზე კი 8,431 მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.
● თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის განაჩენი – ორივეს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავება. ზინოვკინა და გრიბული ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდო. პროკურატურა ამ კავშირს უარყოფს.
● ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩვენებას აძლევს. პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება და ამტკიცებს, რომ მან 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობა ერთპიროვნულად გადაწყვიტა. ბრალდება 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
● დახურული სკოლებისა და მოსწავლეების სხვა სივრცეებში გადაყვანის გამო გახშირებული პროტესტების ფონზე განათლების სამინისტრომ განმარტება გაავრცელა. უწყების განცხადებით, ალტერნატიულ სივრცეებში სწავლა დროებითია და მოსწავლეების უსაფრთხოებას უკავშირდება. სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას სკოლების ტერიტორიების შესაძლო გასხვისების შესახებ და განმარტავს, რომ IV კატეგორიის მინიჭება ავტომატურად სკოლის დანგრევასა და ახალი შენობის აშენებას არ ნიშნავს.
● საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიან აქციას მართავენ. ისინი მაუწყებლის ეთერსა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. ოჯახის წევრების თქმით, სურთ ეთერში დაკავებულთა საქმეებზე ისაუბრონ და საზოგადოებას საკუთარი პოზიცია გააცნონ. მსგავსი აქცია მათ ივნისშიც გამართეს.
● ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ პროტესტის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ სოლიდარობას უცხადებს „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელს და სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციისგან რეაგირებას ითხოვს. „ნიკე ლუსოს“ ყოფილ პრეზიდენტს ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდნენ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა. „ლანჩხუთი“ ასევე აცხადებს, რომ კლუბის მფლობელს ფეხბურთელი ქალების გასახდელში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული. „ნიკე ლუსო“ ამ ინფორმაციას უარყოფს.
● „ტელეიმედმა“ 2025 წელი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ზარალით დაასრულა. 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში აუდიტორული კომპანია „ბესტ აუდიტი“ მიუთითებს დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის თებერვალში დაწესებულ სანქციებზეც და წერს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განუსაზღვრელობა კომპანიის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. „ტელეიმედის“ მენეჯმენტი კი აცხადებს, რომ მომავალში საკმარისი დაფინანსების მოპოვებას შეძლებს.
● ეროვნული ბანკი ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის წესებს ამკაცრებს. 2027 წლის 1 თებერვლიდან შემოსავლის 25%-იანი ზღვარი, რომელიც ახლა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლებზე მოქმედებს, 2 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზეც გავრცელდება. მოგვიანებით ზღვრის 2 500 ლარამდე გაზრდაც იგეგმება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკის შემცირებაა.
● საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მზა საკვების ონლაინ მიწოდების პლატფორმების ბაზრის შესწავლა Yandex-ის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. Yandex ამტკიცებს, რომ Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებთან ისეთი შეთანხმებები აქვთ, რომლებიც მათ სხვა პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას ართულებს. შესაძლო დარღვევა ჯერ დადგენილი არ არის.
● ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებების გამო სასამართლოში დავას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილის შვილი უარყოფს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებს ე.წ. ქოლცენტრების მფარველობის, ადამიანების მისი მითითებით დაკავებისა და უკანონო გარიგებების შესახებ. საკუთარი ინტერესების დასაცავად მან ადვოკატ დავით ასათიანს მიმართა.
● მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს „უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას“ უწოდებს. ყოფილი პრეზიდენტი რუსეთს საქართველოს ისტორიის საკუთარ ნარატივებზე მორგების მცდელობაში ადანაშაულებს და ამ კონტექსტში ირანის ელჩის განცხადებებსა და აზერბაიჯანთან ისტორიულ საკითხებზე წარმოქმნილ უთანხმოებასაც ახსენებს.
● თბილისში, სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთი არასრულწლოვანია. Interpressnews-ის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ლიფტი მეცხრე სართულიდან ჩავარდა. ერთ ახალგაზრდას ფეხი მოტყდა, ის და კიდევ ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
● თბილისში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ პოპოვს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კაფეს აივნიდან ქვემოთ მყოფი ადამიანების მიმართულებით მოშარდა. Formula-ს ინფორმაციით, პატიმრობის მოხდის შემდეგ მას საქართველოდან გააძევებენ და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აეკრძალება.

-
ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. ADEX-2026-ზე აზერბაიჯანული წარმოების ახალი სამხედრო ტექნიკა წარმოადგინეს; ზანგილანის რაიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ფესტივალი გაიმართა
●ბაქოში მიმდინარე ADEX-2026 თავდაცვის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად წარადგინეს თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წარმოების სასწავლო თვითმფრინავი Hürkuş. პარალელურად Securex Caspian-ის უსაფრთხოებისა და სამაშველო აღჭურვილობის გამოფენა მიმდინარეობს. ორივე ღონისძიებაზე 30 ქვეყნის 280 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
● ADEX-2026-ზე აზერბაიჯანმა რამდენიმე ახალი სამხედრო პროდუქტი წარადგინა. მათ შორისაა 150-200 კმ მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონი Arrow 3, საბრძოლო მასალის გადასატანი დრონი „ბორანი“, ვერტიკალური აფრენის დამრტყმელი უპილოტო აპარატი KASIRGA, NATO-ს სტანდარტის AZ-4 ავტომატი და 600 კგ-ზე მეტი ტვირთამწეობის შეიარაღებული უპილოტო პლატფორმები SIQR01 და SIQR02.
● თურქეთმა და აზერბაიჯანმა $500 მილიონის ღირებულების თავდაცვის სფეროს შეთანხმებები გააფორმეს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა.
● ილჰამ ალიევი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მინისტრ ვერნონ კოუკერს შეხვდა, რომელიც ADEX-ში პირველად მონაწილეობს. მხარეებმა თავდაცვის მრეწველობაში თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს. გამოფენაზე ასევე მონაწილეობენ ამერიკული თავდაცვის კომპანიები, მათ შორის Lockheed Martin, Northrop Grumman, SIG SAUER და L3Harris.
●სლოვაკეთი და აზერბაიჯანი თავდაცვის მრეწველობაში, მათ შორის უპილოტო აპარატების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავენ. სლოვაკეთმა აზერბაიჯანთან სრულად ავტომატიზებული ნაღმტყორცნების მიწოდების კონტრაქტი უკვე გააფორმა.
● ADEX-2026-ის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის მინისტრებს, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.
● აზერბაიჯანში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში „ერთობის ძალა – 2026“ აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის სამხედროები მონაწილეობენ. საჰაერო ძალებმა სახმელეთო სამიზნეების განადგურების ერთობლივი მანევრები ჩაატარეს. წვრთნებზე დასაკვირვებლად ბაქოში ირანის შეიარაღებული ძალების დელეგაციაც ჩავიდა.
● აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა 2027 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს.
● ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია RWCHR შეშფოთებას გამოთქვამს Meydan TV-ის დაპატიმრებული ჟურნალისტის, აითაჯ თაფდიღის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ორგანიზაციის განცხადებით, პატიმრობაში მისი სუნთქვასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები გაუარესდა, თუმცა სპეციალიზებულ გამოკვლევებზე წვდომა არ აქვს. RWCHR ჟურნალისტის დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. „Meydan TV-ის საქმეზე“ 12 ადამიანს ასამართლებენ. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ.
● აზერბაიჯანის საინვესტიციო ჰოლდინგი AİH და ჩინური Silk Road Fund დაახლოებით $1 მილიარდის კაპიტალის ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან. ფონდი აზერბაიჯანსა და ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის სხვა მონაწილე ქვეყნებში პროექტებს დააფინანსებს.
● სერბეთმა და აზერბაიჯანმა ქალაქ ნიშში 500 მეგავატი სიმძლავრის ახალი კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს. პროექტში სერბული სახელმწიფო კომპანიები EPS და Srbijagas და აზერბაიჯანული SOCAR მონაწილეობენ. მხარეების წილები თანაბარია.
● აზერბაიჯანისა და საბერძნეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე ენერგეტიკული თანამშრომლობა განიხილეს. წლის პირველ რვა თვეში აზერბაიჯანმა საბერძნეთს დაახლოებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. მხარეებმა კასპიის ზღვის ქარის ენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
● აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქამრან ალიევი რუსეთში იმყოფება, სადაც დსთ-ის ქვეყნების გენერალური პროკურორების საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. რუსეთთან 2027-2028 წლების ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა.
● თბილისში ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანებაში ეჭვმიტანილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში ტურისტად იმყოფებოდა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წინასასამართლო სხდომა კი 12 ნოემბერს დაინიშნა. საქართველოს შსს-სა და პროკურატურას საქმის დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.
● აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ნიგარ რამაზანოვამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სომხეთი პირველი ყარაბაღის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული აზერბაიჯანელების შესახებ ინფორმაციისა და მასობრივი სამარხების კოორდინატების არასრულად მიწოდებაში დაადანაშაულა. მან საბჭოს მოუწოდა, სომხეთისგან შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მოითხოვოს.
● აზერბაიჯანსა და იორდანიას შორის სრული ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დამტკიცდა.
● აზერბაიჯანის ომბუდსმენის ხელფასი 3 060 მანათიდან 12 000 მანათამდე, დაახლოებით $7 ათასამდე იზრდება. მოქმედი ომბუდსმენი საბინა ალიევა თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. უფლებადამცველები მის ოფისს დაკავების ადგილებში სავარაუდო წამების შემთხვევებზე არასაკმარისი რეაგირების გამო აკრიტიკებენ. ომბუდსმენის აპარატი ამ ბრალდებებს უარყოფს.
● ზანგილანის რაიონის სოფელ აღალიში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირველი ფესტივალი „დაბრუნება ყარაბაღში“ იმართება. წარმოდგენილია ტრაქტორები, კომბაინები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
● ბაქოში 1-3 ოქტომბერს წყლის სპორტის სასახლეში ცურვის მსოფლიო თასი გაიმართება.
●ქალაქ ქურდამირში ქორწილში მასობრივი საკვებით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 50-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის შვიდი მცირეწლოვანი. მიმდინარეობს გამოძიება.




-
ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, ხომხეთი. ამერიკის შეერთებული შტატები და სომხეთი აუცილებელი მინერალების მოპოვების პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე გადადიან.
● აშშ და სომხეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების სფეროში შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებაზე გადადიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პოლ ჰიუპერი სომხეთის მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა სამთო-მომპოვებელი სექტორის საჭიროებები და აშშ-ის შესაძლო ტექნიკური მხარდაჭერა განიხილეს.
● ევროკავშირის დელეგაციამ სომხეთში EU4Culture II-ის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროგრამა ქვეყნის რეგიონებში კულტურულ და შემოქმედებით სექტორებსა და ადგილობრივ თემებს დაუჭერს მხარს.
● სომხურმა კომპანიებმა Davaro-მ და Apricot-მა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს. თანამშრომლობა რობოტიზებულ და უპილოტო ტექნოლოგიებს, ციფრული მართვის სისტემებსა და სამხედრო სპეციალისტების მომზადებისთვის თანამედროვე გადაწყვეტილებებს მოიცავს.
● პრორუსული ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელმა არამ ვარდევანიანმა PACE-ში ყარაბაღის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმოქმედობა გააკრიტიკა. მან 2023 წლის სექტემბერში ყარაბაღიდან სომხების განდევნას *„ეთნიკური წმენდა“* უწოდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება 2020-2023 წლებში მიმდინარე მოვლენების მიმართ პასიური იყო.
● თბილისში ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანებაში ეჭვმიტანილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს. დაახლოებით 40 წლის კაცი საქართველოში ტურისტად იმყოფებოდა. მას ვანდალიზმს ედავებიან და წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
● ერევანში, №46 სკოლასთან, ნარკოტიკების უკანონო გასაღებაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დააკავეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ მას და ხელებს ქამრით უკრავენ. ჩანაწერში ასევე ისმის ერთ-ერთი იქ მყოფის მუქარა დაკავებულის მისამართით.
● უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავები საპარლამენტო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე თანამშრომლობას გააგრძელებენ.
● სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო შეისწავლის, რატომ არ გააშუქა ტელევიზიამ 27 სექტემბერს 44-დღიანი ომის დაწყების წლისთავი და მის ნაცვლად პოპულარული მომღერლის, ტატა სიმონიანის კონცერტი აჩვენა. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მომხდარი უკვე შეცდომად აღიარა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. საბჭომ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ზომებს მიიღებს.
● სომხეთში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის რეფორმის მხარდასაჭერად ევროკავშირის „ტვინინგის“ პროგრამა დაიწყო.
● გერმანიიდან სომხეთში ჰოლშტეინის ჯიშის სანაშენე ძროხები პირველად ჩაიყვანეს საჰაერო გზით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმპორტი „Yeremyan“-ის კომპანიების ჯგუფმა განახორციელა. მთლიანობაში სომხეთში უკვე 2 785 სული სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვია იმპორტირებული.
● ერევანში საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ აკადემიისა და სპორტული კომპლექსის Freedom Arena-ს გახსნის ცერემონია გაიმართა.
-
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, საქართველო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში საკუთარ მმართველობას აფასებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციონერ გიორგი გახარიას ადანაშაულებს
ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ 2021-2024 წლების მმართველობას აფასებს და საზოგადოებას ეკითხება, მისი გადადგომის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა. ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას, სახელმწიფო ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საკუთარი მთავრობის მიღწევებს შორის ასახელებს. ის წერს, რომ 2024 წლის იანვარში მისი მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მოწონების რეიტინგი 60% იყო. გიორგი გახარიას 2021 წლის გადადგომას კი კვლავ „ღალატს“ უწოდებს.
● ევროპული პოლიტიკური პარტია ALDE პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რომლებსაც თავად პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. მათ შორის ALDE ელენე ხოშტარიას, ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს ასახელებს. პაპუაშვილი ALDE-ს სთხოვდა, გამიჯვნოდა მის წევრ პარტია „ლელოს“ არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებული კამპანიისგან, რომელსაც ის „ქსენოფობიურს“ უწოდებს. ALDE აცხადებს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კამპანიებში არ ერთვება.
● „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 1 ოქტომბერს რიყის პარკში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციის შესახებ შსს-სგან უარი მიიღო. სამინისტრო პასუხობს, რომ აქციებზე ნებართვას არ გასცემს, თუმცა ენმ-ის მიერ წარდგენილი გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა – მასში არ იყო მითითებული მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და დოკუმენტს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა აკლდა. შსს-მ ორგანიზატორებს ადგილის ან დროის შეცვლის განხილვაც შესთავაზა „თბილისობისთვის“ მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების გამო. ენმ აცხადებს, რომ აქცია მაინც გაიმართება – 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან.
● ოპოზიციონერი აქტივისტი და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ის 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა ხასაიასა და ვასილ კერდიკოშვილს რამაზ ჩადუნელისთვის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდა. 2026 წლის მაისში მათ საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, დანაშაული აღიარეს და ერთი წლით პატიმრობა და სამი წლით პირობითი მსჯავრი მიესაჯათ. გათავისუფლების შემდეგ ხასაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გააგრძელებს.
● თბილისის 166-ე საჯარო სკოლის ადგილზე ახალი შენობა აშენდება. ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ტენდერი გაზაფხულზე გამოცხადდება, სამშენებლო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ვადებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. განცხადებას წინ უძღოდა სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი – ისინი არსებული შენობის დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან და მის რეაბილიტაციას ითხოვენ.
● კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს შესაძლო ანტიკონკურენტული ქმედებების შესწავლა დაიწყო. მოკვლევის საფუძველი „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივარია. კომპანია ამტკიცებს, რომ Wolt-სა და Glovo-ს ზოგიერთ კვების ობიექტთან ისეთი შეთანხმებები აქვთ, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას ართულებს. სააგენტომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კონკურენციის შესახებ კანონი.
● ძლიერმა წვიმამ ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა, მახინჯაურში კი ფერდი ჩამოიშალა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირზე ჩამოშლილი ფერდის გამო ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა და გადაადგილება მაგისტრალით არის შესაძლებელი. ადგილზე წყლის ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
● თბილისში აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ბიუსტის დაზიანების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულის მოქალაქეობა არ სახელდება.
● ჩინეთში თბილისის მეტროსთვის განკუთვნილი ახალი ვაგონების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძეც დაესწრო. თბილისისთვის 14 ოთხვაგონიანი და 11 ხუთვაგონიანი შემადგენლობაა გათვალისწინებული. თითოეული ახალი ვაგონი 280 მგზავრზე იქნება გათვლილი, ვაგონები კი ერთმანეთთან გამჭოლი გადასასვლელებით დაუკავშირდება. ხუთვაგონიანი მატარებლები ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის ხაზზე იმოძრავებს. ახალი შემადგენლობების ექსპლუატაციაში შესვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
● პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა. პარლამენტმა მისი სადეპუტატო უფლებამოსილება 79 ხმით ცნო. ბითაძემ დეპუტატის მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრად დანიშნა

-
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, აზერბაიჯანი. ბაქოში თავდაცვის ინდუსტრიის მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა ADEX-2026 გაიხსნა. ბაქოში ინფანტინო ჩავიდა
● აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფება. ის ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. მხარეებმა სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
● ირანული მედიის ცნობით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივან მოჰსენ რეზაისთან შეხვედრაზე მუსტაფაევმა უარყო ვარაუდები, რომ ირანის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენებოდა. მან ირანს აზერბაიჯანის მეგობარი ქვეყანა უწოდა. მუსტაფაევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრაში.
● ილჰამ ალიევმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს დაბადების დღე მიულოცა. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ბიშკეკში მათი ბოლო შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
● აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა დოჰაში, აზიის ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები წარადგინა.
● ბაქოში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა ADEX-2026 იმართება. სლოვაკეთი გამოფენაზე დაახლოებით 15 კომპანიით არის წარმოდგენილი. ქვეყნის თავდაცვის მინისტრ რობერტ კალინიაკის განცხადებით, წარმოდგენილი იქნება სლოვაკეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პირველი ერთობლივი პროდუქტი – ავტომატიზებული ნაღმტყორცნის სისტემა.
● სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია აზერბაიჯანის გამოცდილებით უპილოტო საფრენ აპარატებში. კალინიაკის განცხადებით, თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს ჰაუბიცებისა და ნაღმტყორცნების მიმართულებით, აზერბაიჯანმა კი სლოვაკური წარმოების ჰაუბიცები უკვე მიიღო.
● ADEX-2026-ის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი სუდანის თავდაცვის მინისტრსა და ბელარუსის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს.
● აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმების ანალიზისა და კომუნიკაციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის არასანავთობო სექტორის ათმა კერძო კომპანიამ წლის დასაწყისიდან ექსპორტი ორჯერ მეტად გაზარდა. მათმა საერთო ექსპორტმა $697,1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $397,67 მილიონით მეტია. უმსხვილესი კერძო ექსპორტიორი Azerbaijan International Mining Company Limited გახდა.
● The Washington Examiner-ის სტატიაში ავტორი წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა, ევროპის მიდგომები კი ამ ცვლილებებს ყოველთვის ვერ ითვალისწინებს. ავტორის შეფასებით, ყარაბაღის საკითხზე ევროპული ქვეყნების პოზიციებმა ევროპული შუამავლობის მიმართ ნდობა შეამცირა, თუმცა ევროპას სამშვიდობო პროცესში როლის შესრულების შესაძლებლობა კვლავ აქვს.
● აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქამრან ალიევი მოსკოვში იმყოფება. მან რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იგორ კრასნოვი მედლით დააჯილდოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯილდო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობრივი ურთიერთობების ნიშნად გადაეცა.
● ეკონომისტ გუბად იბადოღლუს გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების უფლება მისცეს და ის ბერლინში ჩავიდა. Azadlıq-თან საუბარში მან განაცხადა, რომ შესაძლოა გულის ღია ოპერაცია დასჭირდეს. იბადოღლუ 2023 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პატიმრობა ჯერ შინაპატიმრობით, შემდეგ კი პოლიციის ზედამხედველობით შეუცვალეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.
● ვატიკანში პროექტ „ზეციური რელიგიების“ ფარგლებში აზერბაიჯანული ხალიჩების გამოფენა გაიხსნა, რომელიც იუდაიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს ეძღვნება. აზერბაიჯანის ხალიჩის ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტისთვის 28 მქსოველი რვა წლის განმავლობაში მუშაობდა.
● FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ბაქოში იმყოფება და ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანში 24-30 ოქტომბერს გასამართი პირველი FIFA U-15 მსოფლიო თასისა და ფესტივალის, ასევე 2027 წლის U-20 მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისი განიხილეს. აზერბაიჯანის U-15 ნაკრები ჯგუფში ანდორას, ავსტრალიას, ჰაიტის, ისრაელსა და აღმოსავლეთ ტიმორს შეხვდება.



-
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, სომხეთი. „როსატომი“ ერევანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის რუსულ გეგმას სთავაზობს
● ერევანში სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაზე სომხეთ-რუსეთის საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა. საბჭოთა წარმოების ენერგობლოკი 1980 წლიდან მუშაობს და მისი ექსპლუატაციის ვადა უკვე გახანგრძლივებულია 2036 წლამდე. ამ დროისთვის სომხეთმა ახალი ატომური სადგურის ტექნოლოგია და პარტნიორი უნდა შეარჩიოს.
● „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სომხეთში ახალი ენერგობლოკის შესაძლო მშენებლობაში ევროკავშირისა და აზიის ქვეყნების კომპანიებიც ჩართოს. მისი თქმით, პროექტი შეიძლება საერთაშორისო ფორმატით განხორციელდეს.
● ნიკოლ ფაშინიანი ალექსეი ლიხაჩოვსა და „როსატომის“ დელეგაციას შეხვდა. ლიხაჩოვმა სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურისა და მცირე და საშუალო სიმძლავრის ენერგობლოკების მშენებლობაზე რუსეთის წინადადებები წარადგინა. ფაშინიანის თქმით, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების შეთავაზებებსაც განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ფასის, ხარისხის, უსაფრთხოების, ვადებისა და გარანტიების გათვალისწინებით მიიღებს.
● გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს. საქმის მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.
● რუსეთმა სომხეთსა და რეგიონის რამდენიმე სხვა ქვეყანაში ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. ფიზიკურ პირებს ამიერიდან მილიონ რუბლზე მეტი, დაახლოებით $12 ათასი, თანხის გატანა ეკრძალებათ. შეზღუდვა სომხეთის გარდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს ეხება.
● წამყვანი ფრანგული მედიების, მათ შორის Le Figaro-ს, Le Parisien-ისა და RFI-ის წარმომადგენლები სომხეთს ეწვივნენ. ისინი საფრანგეთის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი პროგრამისა და ვედის წყალსაცავის მდგომარეობას გაეცნობიან.
● სცენარისტი და მსახიობი ვაჰრამ სააკიანი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მან Facebook-ზე სიძულვილის, შეუწყნარებლობისა და მტრობის გაღვივებისა და პროპაგანდის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. სააკიანს ადმინისტრაციული ზედამხედველობა დაუწესდა და სოციალურ ქსელებში პოსტების გამოქვეყნება აეკრძალა.
● 13 ადამიანს ავტომობილების შემოყვანის საბაბით წინასწარი გადახდის სახით დაახლოებით 78,4 მილიონი დრამი, დაახლოებით $215 ათასი, თაღლითურად გამოსძალეს. სისხლის სამართლის საქმე სამი პირის წინააღმდეგ აღიძრა.
● ერევნის ყოფილმა მერმა და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის რამდენიმე სახეობის იარაღზე ნებართვების გაუქმების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს.
● ერევნის გამარჯვების პარკის კედლიდან 2020 წლის 44-დღიან ომში დაღუპული ალბერტ ოვანესიანის გამოსახულებიანი გრაფიტი წაშალეს. მერიაში განმარტეს, რომ მიზეზი კედლისა და მიმდებარე ტერიტორიის რემონტია. ოვანესიანის მამის თქმით, მერიასთან მისი შვილის ხსოვნის სხვა ფორმით, მათ შორის სკულპტურით ან ახალი ნახატით უკვდავყოფა განიხილება.
● „არარატცემენტის“ თანამშრომელი როზა ხაჩატრიანი აცხადებს, რომ Facebook-ზე ხელფასების გაზრდის შესახებ სხვისი პოსტის გავრცელების გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, საწარმოში უთხრეს, რომ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და კომპანიის რეპუტაციას აზიანებდა, რის შემდეგაც საკუთარი სურვილით წასვლის განცხადების დაწერა აიძულეს. „არარატცემენტი“ ბიზნესმენ და პრორუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს გაგიკ ცარუკიანს ეკუთვნის, რომელიც თაღლითობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება.

-
სამშაბათი, 29 სექტემბერი, საქართველო. ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროსა და ალბანეთის ალიანსში გაწევრიანების ინდივიდუალურ გეგმებს ამზადებს, თუმცა ამ სიაში საქართველო არ არის
● Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვის, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის გაწევრიანების ინდივიდუალურ საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო კი ამ სიაში არ არის. დოკუმენტებში უნდა გაიწეროს მოლაპარაკებების ეტაპების ვადები და კონკრეტული პირობები. გამოცემის თანახმად, საქართველოსთვის, თურქეთისა და სერბეთისთვის ასეთი გეგმა ამ ეტაპზე არ მომზადდება, რადგან მათი გაწევრიანების პროცესები დემოკრატიული უკუსვლის შესახებ შეშფოთების ფონზეა შეჩერებული. ახალი მექანიზმების განხილვა ევროკავშირის ლიდერებმა 15-16 ოქტომბრის სამიტზე უნდა გააგრძელონ.
● საქართველოდან გააძევეს ბელარუსის მოქალაქე ლევ მიხეევი, რომელიც 2021 წლიდან ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვდა. მიხეევის თქმით, მიგრაციის დეპარტამენტში დოკუმენტის განახლებისთვის მისვლის შემდეგ დააკავეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. მან სომხეთში წასვლა აირჩია, სადაც ბელარუსის მიერ ძებნის გამო დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. საქართველოს შსს აცხადებს, რომ მიხეევის უფლებები არ დარღვეულა და 2026 წლის 29 ივნისიდან იგი თავშესაფრის მაძიებლად აღარ ითვლებოდა.
● პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების ყოველწლიური გადასახადის გადახდა მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოუწევთ, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს აღემატება. ამჟამად ეს ზღვარი 40 ათასი ლარია. ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა და მათი დაჩქარებული წესით განხილვა იგეგმება. ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის მორიგი ვადა 1 ნოემბერია.
● საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს საქართველოში პატიმართა რაოდენობის ზრდის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს 2026 წლის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარი მოდიოდა და ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. საია პრობლემებს შორის ასახელებს ციხეების გადატვირთულობას, წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებას, პირობით ვადამდე გათავისუფლების შემცირებას და თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებას.
● რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოებას გეგმავენ. Red Wings-მა რუსეთის საავიაციო უწყებას თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ახალი მარშრუტების ნებართვისთვის მიმართა. Azimuth-ს კი პერმიდან, სამარიდან და ჩელიაბინსკიდან თბილისში კვირაში ხუთი რეისის შესრულება სურს. რუსეთის მხრიდან დაშვების მიღება რეისების ავტომატურად დაწყებას არ ნიშნავს – ამისთვის საქართველოს მხარის ნებართვაც არის საჭირო.
● თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავენ. მშობლების თქმით, ბავშვებს უკვე მესამე წელია სხვადასხვა სკოლაში უწევთ სწავლა, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, შენობის რეაბილიტაცია არ დაწყებულა. ისინი სკოლის აღდგენას ან ისეთი ალტერნატიული სივრცის გამოყოფას ითხოვენ, სადაც ყველა მოსწავლე ერთად შეძლებს სწავლის გაგრძელებას.● გარემოს ეროვნული სააგენტო 1 ოქტომბრის დილამდე ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. განსაკუთრებით ძლიერი ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში, აღმოსავლეთში კი ზოგიერთ რაიონში. შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შტორმია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მატება, უეცარი წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა.
● კახა კალაძე ჩინეთში თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონების მომზადების პროცესის გასაცნობად გაემგზავრა. ნანკინში თბილისის მერი სახელმწიფო კორპორაცია CRRC-ის ხელმძღვანელობას შეხვდება, რომლისგანაც მერია 111 ახალ ვაგონს ყიდულობს. პირველი განახლებული შემადგენლობების თბილისის მეტროში გამოყვანა წლის ბოლომდე იგეგმება.
● ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა. „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრის დროს ისმოდა შეძახილები „სოხუმი საქართველოა“ და უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები. საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ წასული ვილი სანიოლი შეცვალა.
● „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, შეკრება 17:00 საათზე რიყის პარკის ამფითეატრში დაიწყება. აქციის ერთ-ერთ მიზეზად მან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვაც დაასახელა.
● საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანში მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
● „საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიურ პლატფორმას“ ახალი წევრები შეუერთდნენ – თეონა აქუბარდია, გიორგი რუხაძე, მამუკა სამხარაძე, დავით კაპანაძე და ნოდარ თითირაშვილი. ერთი თვის წინ შექმნილი პლატფორმა პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ყოფილ დიპლომატებსა და სამხედრო პირებს აერთიანებს და მიზნად რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ სამართლებრივი, საზოგადოებრივი და მშვიდობიანი გზებით მოქმედებას ასახელებს.
● თბილისში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქცია ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება. თბილისში ვაქცინაცია ნაძალადევში, ვეტერანთა პარკში და მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზეა შესაძლებელი, ბათუმში კი – 6 მაისის პარკში.
-
სამშაბათი, 29 სექტემბერი, აზერბაიჯანი. Meydan TV-ის საქმეზე სასამართლო სხდომები გაგრძელდა
● მსოფლიო ბანკის შეფასებით, ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტს, ე.წ. შუა დერეფანს, 2040 წლამდე $25 მილიარდზე მეტი ინვესტიცია სჭირდება. პრიორიტეტებია რკინიგზა, საზღვაო პორტები და მისასვლელი გზები. დამატებით $30 მილიარდია საჭირო მონაწილე ქვეყნებში საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. აზერბაიჯანის საჭიროება $1,16 მილიარდად არის შეფასებული. მსოფლიო ბანკი ასევე ხაზს უსვამს საბაჟო პროცედურების გაციფრულებისა და მონაწილე ქვეყნებს შორის უკეთესი კოორდინაციის აუცილებლობას.
● ბაქოში „Meydan TV-ის საქმის“ განხილვა გრძელდება. სასამართლოში Arqument.az-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი შამშად აღა გამოვიდა. მისი თქმით, დაკავებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შესთავაზეს, უარის შემდეგ კი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ გააფრთხილეს. ჟურნალისტმა ბრალდებები უარყო და საქმე თავის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირა. ამ საქმეზე 12 ჟურნალისტია დაკავებული.
● Washington Examiner წერს, რომ ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ორ ჟურნალისტს, რომლებიც ამერიკულ მედიასთან თანამშრომლობდნენ – ულვია ალი გულიევას და ფარიდ მეჰრალიზადეს. მეჰრალიზადეს ცხრა წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, გულიევას წინააღმდეგ კი გამოძიება „Meydan TV-ის საქმის“ ფარგლებში გრძელდება. ორივე ბრალდებებს უარყოფს და დევნას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
● აზერბაიჯანმა და ირანმა თეირანში ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მთავარი საკითხი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ გამტარუნარიანობის გაზრდა იყო. მხარეების ინფორმაციით, დასრულებულია აღბენდი-ქელალეს საავტომობილო ხიდის მშენებლობა და ასტარის სატვირთო ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოება.
● აზერბაიჯანი „კოდექს ალიმენტარიუსის“ ევროპული კომისიის კოორდინატორი გახდა და ეს უფლებამოსილება გერმანიისგან გადაიბარა. კომისია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მუშაობს და სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებზე თანამშრომლობას უწყობს ხელს.
● კიევში რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა. წინა დღეს ბაზარზე დრონის დარტყმის შედეგად აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
● შუშის რაიონში ავტომობილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. მძღოლი დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, მანქანა ყარაბაღში, ყოფილი შეხების ხაზის მიმდებარე, ნაღმებისგან ჯერ კიდევ გაუწმენდავ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. განაღმვის სააგენტო ANAMA-ს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ნაღმებისგან 1 385,8 ჰექტარი ტერიტორია გაიწმინდა.
● უკრაინიდან კიდევ 30 ბავშვი აზერბაიჯანში ათდღიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამისთვის ჩავიდა. პროგრამა გაბალის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში ჩატარდება და მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას, არტთერაპიასა და სხვა სარეაბილიტაციო მომსახურებას. მსგავსი პროგრამებით აზერბაიჯანში უკვე ისარგებლა უკრაინიდან დაახლოებით 500-მა ბავშვმა და ახალგაზრდამ.
● ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს 1990-იანი წლების დასაწყისში კონფლიქტის შედეგად სომხეთიდან წასული აზერბაიჯანელების დაბრუნების საკითხი. ღონისძიება ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართა. მონაწილეებს ასევე აჩვენეს ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმი სომხეთიდან წასული აზერბაიჯანელების შესახებ.
● დღეს „მინგეჩაურის რეგატა 2026“ იწყება. ტურნირში 100-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობს აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და კიდევ ათი ქვეყნიდან. შეჯიბრებები კაიაკითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში ფიზულისა და მინგეჩაურის სპორტულ ობიექტებზე გაიმართება.

-
ორშაბათი, 28 სექტემბერი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში ყარაბაღის მეორე ომის დაწყებიდან ექვსი წლისთავი შესრულდა. ეს თარიღი ხსოვნის დღედ აღინიშნება
● 27 სექტემბერს აზერბაიჯანში მეორე ყარაბაღის ომის დაწყებიდან ექვსი წელი შესრულდა. ქვეყანაში ეს თარიღი ხსოვნის დღედ აღინიშნება. 12:00 საათზე დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ ბაქოში გამარჯვების პარკში მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამახსოვრო ღონისძიებები გაიმართა.
● ილჰამ ალიევმა ომის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 2020 წლის 44-დღიან ომში 2 908 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა და ექვსი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მისი თქმით, დაიღუპა 93 მშვიდობიანი მოქალაქე და 454 დაიჭრა. ალიევმა ასევე გაიხსენა 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადება და განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის სამხედრო ოპერაციის შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგა.
● აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა და მოხალისეთა ორგანიზაციებმა ომის წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. განცხადებაში ისინი 2020 წლის ომს აზერბაიჯანის ეროვნულ გამარჯვებად აფასებენ და იხსენებენ განჯაზე, ბარდასა და თერთერზე სომხური ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. ორგანიზაციების განცხადებით, ომის შემდეგ აზერბაიჯანმა სომხეთს მშვიდობა შესთავაზა.
● თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით X-ზე დაწერა: „ყარაბაღი აზერბაიჯანული მიწაა და ასეთად სამუდამოდ დარჩება“.
● კიევში დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. რუსული დარტყმა ბაზარს მოხვდა, სადაც ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობდნენ.
● ბაქოში ორდღიანი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბოლო 20 წელიწადში აზერბაიჯანმა $350 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა. ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებად მან ნავთობი და გაზი, განახლებადი ენერგეტიკა, ლოგისტიკა, სამთო მრეწველობა და სასურსათო უსაფრთხოება დაასახელა.
● ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებას და გამოთავისუფლებული მოცულობის ექსპორტზე გატანას გეგმავს. თავისუფალი ენერგეტიკული სიმძლავრეების გამოყენება მონაცემთა ცენტრებისთვისაც იგეგმება. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან მიმდინარეობს.
● ალიევმა ასევე განაცხადა, რომ Exxon-თან რთულად მოსაპოვებელი ნავთობისა და გაზის მარაგების ათვისების შესახებ კონტრაქტი იგეგმება, Total-თან კი „აბშერონის“ საბადოს მეორე ეტაპის განვითარებაზე შეთანხმება მზადდება. მისი თქმით, განიხილება კასპიის ზღვის ფსკერზე ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის და შავი ზღვის გავლით აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის კაბელის პროექტებიც.
● აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვმა 37 ორმხრივი შეხვედრა გამართა, 17 დოკუმენტს მოაწერა ხელი და 11 მაღალი დონის ღონისძიებაზე გამოვიდა.
● იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ილჰამ ალიევს იტალიაში საწვავის ფასების რეგულირების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აზერბაიჯანულმა SOCAR-მა განაცხადა, რომ მისი შვილობილი კომპანია Italiana Petroli ბენზინსა და დიზელზე მაქსიმალურ ფასებს დააწესებს.
● აზერბაიჯანის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ თურქეთის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ზოგიერთი პუბლიკაცია აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად შეაფასა. საბჭოს განცხადებით, შესაძლოა კამპანიის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აზერბაიჯანში შესვლა შეეზღუდოთ.
● ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციური გაზეთის „აზადლიგის“ რედაქტორის, განიმედ ზაჰიდოვის ინფორმაციით, პირველი „აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილების კონგრესი“ გაიმართა. შეხვედრის დეტალების გამოქვეყნება და უფრო ფართო შემადგენლობით მეორე კონგრესის ჩატარება იგეგმება.
● აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ახალ სეზონში პირველი მატჩი ლიტვასთან გამართა. ვილნიუსში შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
● ბაქოში „ფორმულა 1-ის“ აზერბაიჯანის გრან-პრი დასრულდა. გამარჯვებული Mercedes-ის ბრიტანელი პილოტი ჯორჯ რასელი გახდა. მეორე ადგილი Red Bull-ის მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, მესამე კი მისმა თანაგუნდელმა ისაკ აჯარმა.

-
ორშაბათი, 28 სექტემბერი, საქართველო. საქართველოში სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
● სოხუმის დაცემიდან 33 წელი შესრულდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა ქალაქისთვის 11-დღიანი ბრძოლა. აფხაზეთის ომი 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მთავრობის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
თბილისში გაიმართა მარში „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს – რუსეთი მტერია“. მსვლელობა თსუ-სთან დაიწყო და გმირთა მოედანზე დასრულდა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სახელები წაიკითხეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მარშში ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს იტალიის სენატში გაიმართება განხილვა აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ქართველთა გენოციდზე.
● აშშ-ისა და შვედეთის საელჩოები სოხუმის დაცემის 33 წლისთავს გამოეხმაურნენ. აშშ-ის საელჩომ პატივი მიაგო საქართველოს დასაცავად დაღუპულებს და გაიხსენა ადამიანები, რომლებიც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. შვედეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და კონფლიქტით დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
● ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებაზე მას ხანმოკლე საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივანთან. პრემიერის თქმით, ორივესთან საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი დააფიქსირა. კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისმა თავისი ნაბიჯი უკვე გადადგა და ახლა „შემხვედრ ნაბიჯებს“ ვაშინგტონისგან ელოდება.
● შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილია აშშ-სთან ურთიერთობის ბოლო თვეების დინამიკით და მიიჩნევს, რომ ურთიერთობები „გადატვირთვის გზაზეა“. ამის ნიშნებად პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებლის დანიშვნა, საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია და საქართველოში „ტრამპ თაუერის“ პროექტი დაასახელა. მისი თქმით, ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის მთავარი საზომი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება იქნება.
● ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა. ამავე დროს, მან გიორგი ბარამიძე, ნიკა გვარამია და დავით ბერძენიშვილი „ქვეყნის გარედან“ მიღებული დავალების შესრულებაში დაადანაშაულა. პრემიერის მტკიცებით, ამ დავალების მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის უკანა პლანზე გადაწევაა.
● ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები „სექტანტებად“ მოიხსენიეს. კობახიძის განცხადებით, უწყვეტი პროტესტი „განულებულია“ და აქციებზე ყოველდღიურად 50-70 ადამიანი გამოდის. პაპუაშვილმა კი აქციის მონაწილეებს „აგრესიული და ფუნდამენტალისტური სექტა“ უწოდა და განაცხადა, რომ ადამიანებზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა „ფაშიზმის“ გამოვლინებაა.
● კობახიძემ და პაპუაშვილმა გააკრიტიკეს ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება ALDE „ლელოს“ მხარდაჭერის გამო. კობახიძემ განაცხადა, რომ გაერთიანება „რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს“ დგას. პაპუაშვილმა კი „ლელოს“ „თაღლითური პარტია“ უწოდა, „ტერორიზმსა“ და „ქსენოფობიაში“ დაადანაშაულა და ALDE-ს პარტიის პოზიციებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა.
● პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ვივამედიდან“ რუსთავის ქალთა ციხეში ბრუნდება. ხოშტარიას განცხადებით, მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულდა და შემდეგ ეტაპზე მკურნალობას ციხესა და კლინიკაში გააგრძელებს. მისი თქმით, „ვივამედში“ თვეში ერთხელ მივა მედიკამენტების მისაღებად და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად.

-
ორშაბათი, 28 სექტემბერი, სომხეთი . სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა იმას, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომის წლისთავზე საზოგადოებრივმა ტელევიზიამ არაფერი გააშუქა.
● 27 სექტემბერს მეორე ყარაბაღის ომის, ე.წ. 44-დღიანი ომის დაწყებიდან ექვსი წელი შესრულდა. 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო ყოფილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეხების ხაზზე და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე. სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი განცხადების შემდეგ შეწყდა.
● სომხურ სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ 44-დღიანი ომის წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური მასალა არ გაუშვა.
● ომის წლისთავზე პრორუსული ოპოზიციური პარტიების – „ძლიერი სომხეთისა“ და „სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციების წევრები, მოძრაობა „აიაკვეს“ წარმომადგენლები და ყოფილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელმძღვანელები სამხედრო პანთეონ „ერაბლურს“ ეწვივნენ.
● ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა გრიგორიანმა ნიკოლ ფაშინიანისგან მოითხოვა პასუხი, რატომ ვერ შეძლო მისმა ხელისუფლებამ 2020 წლის ომის თავიდან აცილება. გრიგორიანის მტკიცებით, მთავრობის მოქმედებებმა, პირიქით, ომის დაწყებას შეუწყო ხელი.
● ყოფილი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ნჟდე ისკანდარიანმა სომხეთში ყარაბაღელი სომხების ახალი საპროტესტო აქციები დააანონსა. მისი თქმით, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ აქციის განაცხადი არ დააკმაყოფილა, თუმცა პროტესტი მაინც იგეგმება. ისკანდარიანის განცხადებით, ყარაბაღელი სომხების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება.
● სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროს უმაღლესმა კომისარმა სომხეთის საზოგადოებაში ყარაბაღელი სომხების ინტეგრაციის პროგრამები განიხილეს.
● თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანს *„მეგობარი და მოძმე ქვეყანა“* უწოდა და ყარაბაღისთვის ბრძოლებში დაღუპულ აზერბაიჯანელ სამხედროებს პატივი მიაგო. ერდოღანმა განაცხადა: *„ყარაბაღი აზერბაიჯანის მიწაა და ასეთად სამუდამოდ დარჩება“.*
● ერევანში ელექტროქვესადგურზე ძლიერი ხანძრის შედეგად ორი მაშველი კვამლით მოიწამლა, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 5 ათასი აბონენტი დარჩა. ხანძრის მიზეზებს იკვლევენ. „სომხეთის ელექტროქსელების“ დროებითმა მმართველმა რომანოს პეტროსიანმა სამსახურებრივი გამოძიება დააანონსა.
● სომხეთში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ტურისტული ვიზით აშშ-ში ბავშვის გაჩენისა და მისთვის ამერიკის მოქალაქეობის მიღების მიზნით გამგზავრება დაუშვებელია. საელჩოს განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საკონსულოს შეუძლია ვიზის გაცემაზე უარი თქვას.
● ევროკავშირის ქვეყნების ელჩები სიუნიქის რეგიონს ეწვივნენ და „მდგრადი სიუნიქი – ევროპის გუნდის“ ინიციატივის შედეგებს გაეცნენ. პროგრამა ადგილობრივ ბიზნესს, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას უჭერს მხარს.
● სომხეთის იუსტიციის მინისტრი სრბუი გალიანი დანაშაულის პრევენციის საკითხებზე გაეროს მე-15 კონგრესის პირველ ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.
●სომხური წარმოშობის „როსკოსმოსის“ კოსმონავტი არუთიუნ კივირიანი SpaceX Crew-14-ის ეკიპაჟში შევიდა. მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2027 წლის გაზაფხულზე უნდა გაემგზავროს.