"აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს დატოვებას განიხილავს, აშშ-სთან ურთიერთობები კი პიკშია" — ალიევის განცხადებები შუშის მედია ფორუმზე
ილჰამ ალიევი ევროპის საბჭოდან გასვლის შესახებ
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო ევროპის საბჭოს დატოვების შესაძლებლობას განიხილავს, ხოლო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები “ისტორიულ მაქსიმუმზე“ იმყოფება. ამის შესახებ მან შუშაში გამართულ მე-4 გლობალურ მედია ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მედიის როლზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
ევროპის საბჭოს დატოვების შესაძლებლობა
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი აღარ განიხილავს ევროპის საბჭოში წევრობის შეჩერებას ან გაყინვას და დღის წესრიგში ორგანიზაციიდან სრული გასვლის საკითხი დგას.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა, პოლიტიკური მოტივით იყო ნაკარნახევი და არა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებით.
“ეს იყო სასჯელი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,“ – თქვა ალიევმა.
მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბაქოს ორგანიზაციაში დარჩენისკენ მოუწოდა, თუმცა აზერბაიჯანი მაინც განიხილავს საბოლოო გასვლას.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ევროპის საბჭოს დატოვებს, ამას ქვეყნის შიგნით “ვერავინ შეამჩნევს“ და შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა. მისი შეფასებით, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის, ხოსეპ ბორელის პერიოდში ურთიერთობები ჩიხში იყო შესული, თუმცა ახალი ევროპელი ლიდერების პირობებში თანამშრომლობა აღდგა.
მისი თქმით, ბოლო თვეებში აზერბაიჯანს ეწვივნენ ევროპული ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რაც, მისი შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
გაზის ექსპორტის გაფართოების გეგმები
ენერგეტიკაზე საუბრისას ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს. მისი თქმით, წელს გაზის მიწოდება ავსტრიასა და გერმანიაშიც დაიწყო, ხოლო ამჟამად მილსადენებით აზერბაიჯანული გაზი 16 ქვეყანაში მიეწოდება.
პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთანაც როგორც ახალი მიწოდებების დაწყების, ისე არსებული მოცულობების გაზრდის შესახებ.
აშშ-თან ურთიერთობები და 907-ე მუხლი
აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისას ალიევმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა 907-ე მუხლი, რომელიც ზღუდავს ამერიკის ფინანსურ დახმარებას აზერბაიჯანისთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება წარსულში პროსომხური პოზიციის მქონე ამერიკელი სენატორების ინიციატივით იქნა მიღებული და დღეს უკვე “სრულიად დაკარგული აქვს აქტუალობა“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და ბაქოს მიერ სომხეთის მიმართ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ამ ნორმის არსებობას საფუძველი აღარ აქვს და აშშ-ის კონგრესმა ის უნდა გააუქმოს.
ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად უმაღლეს ნიშნულზეა, ხოლო დონალდ ტრამპი მშვიდობისკენ ორიენტირებულ ლიდერად დაახასიათა, რომელსაც კონფლიქტების მოგვარება შეუძლია.
საფრანგეთთან და რუსეთთან ურთიერთობები
საფრანგეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის კრიტიკა საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკის მიმართ ორმხრივი ურთიერთობების წინააღმდეგ არ არის მიმართული.
მისი თქმით, ორივე ქვეყანა ერთმანეთის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, თუმცა ეს ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობის ნაწილია და ბაქო პარიზთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.
რუსეთთან დაკავშირებით ალიევმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულად ნორმალიზებულია და სხვადასხვა დონეზე აქტიური კონტაქტები გრძელდება.
უკრაინა
“ვიმეორებ რჩევას, რომელიც უკრაინას გასულ წელს მივეცი: არ შეეგუოთ კონფლიქტს. სწორედ ასე იქცევიან ისინი. რა თქმა უნდა, მრავალი წლის განმავლობაში იყო რთული პერიოდები, ჩვენ ამის მომსწრეები ვიყავით. ვიცით, რომ გარკვეული წრეები ზეწოლას ცდილობდნენ, ისმოდა შეთავაზებები, შეწყვეტილიყო ოპერაციები და გამყარებულიყო ოკუპაცია. უკრაინელი ხალხი და ხელისუფლება ამას ნამდვილად არ დათანხმდნენ…
მე ვარ ხელმძღვანელი სახელმწიფოსი, რომელიც წარსულში ოკუპაციით დაზიანდა და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უნიკალური გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ასე გვაძალებდნენ უარი გვეთქვა ყარაბაღზე. აზერბაიჯანში ვერავინ, ჩემ ჩათვლით, დათანხმდებოდა ამას, თუმცა ეს იყო მსოფლიოს სამი წამყვანი ქვეყნის პოზიცია. ისინი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები იყვნენ და ამ პოზიციის წინააღმდეგ წასვლა საკმაოდ რთული იყო…
კარგად ვიცნობ ზელენსკის პოზიციას, რომელსაც საჯაროდ აცხადებდა. აპრილში აზერბაიჯანში მისი ვიზიტის დროს ამ თემაზე ვისაუბრეთ. ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი დარჩება. მუდამ მხარს ვუჭერდით, ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტსა და საზღვრების ხელშეუხებლობას. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი საზღვრების შეცვლა ხალხის თანხმობის გარეშე, ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია. შეძლებისდაგვარად ყველაფერს უკრაინისთვის ვაკეთებთ არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად. სახელმწიფოებრივ დონეზეც და სამოქალაქო დონეზეც არსებობს ერთიანი პოზიცია: უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ხალხისთვის, რომელიც იტანჯება, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიული ერთობაც დაარღვიეს.” – თქვა ალიევმა.
სამხრეთ კავკასია მშვიდობის რეგიონად
სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეგიონი უნდა იქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და გეოპოლიტიკური მეტოქეობისგან მაქსიმალურად თავისუფალ სივრცედ.
მისი თქმით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ახალი რეალობა ჩამოყალიბდა, რაც ახალ პოლიტიკურ მიდგომებს მოითხოვს. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვას და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელი ქვეყნებიც მსგავს პოლიტიკას აირჩევენ.