ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ “ფორმულას” მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირის მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან.
“ფორმულას” შეკითხვა ეხებოდა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტში გასულ კვირას მიიღეს.
პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირმა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული ბერკეტად სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.
“ევროკავშირის და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც დეკემბერში მიანიჭეს, ჩვენი ურთიერთობა, როგორც არასდროს, უფრო მჭიდრო გახადა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან.
გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული ბერკეტად სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისთვის.
კომისიამ ხაზი გაუსვა თავისი გაფართოების ანგარიშში იმ სამუშაოს, რომელიც საქართველოს სჭირდება, კერძოდ, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. როგორც ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან კოპენჰაგენის კრიტერიუმის დაკმაყოფილებას, რაც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებისადმი ერთგულებას. ქვეყანაში მოვლენების უარყოფითი განვითარება ასახული იქნება მოახლოებულ ანგარიშში გაფართოების შესახებ, რომელიც შემოდგომაზე იქნება.” – ამბობს პიტერ სტანო.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას. რეზოლუციაში შესული შესწორებების მიხედვით, ევროპარლამენტი ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვას და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.
ასევე, რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, აშშ-ს 14 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი აქვეყნებს წერილს საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვას ჰპირდებიან.
წერილში ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონი არ ასახევს აშშ-ში მოქმედ არცერთ კანონს და ის მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაზღუდად იქნება გამოყენებული.
კანონმდებლების თქმით, მმართველი პარტიის მიერ კანონის მიღება ქართველ ხალხს გაუგზავნის მძლავრ მესიჯს, რომ მთავრობა არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, და არ იცავს კონსტიტუციას.