გახარიას პარტია: ცხინვალი ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს, ხელისუფლება კი დუმს
ჩორჩანას საგუშაგო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებას და ტერიტორიის გადაცემას ითხოვს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნებზე საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდის.
პარტიის განცხადება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ბოლო შეხვედრას მოჰყვა.
ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე ოფიციალურ თბილისთან შეთანხმება ჯერ ვერ შედგა, თუმცა საკითხი „საკმაოდ სერიოზულად“ განიხილეს.
„ერთადერთ მისაღებ ვარიანტს წარმოადგენს აღნიშნული საგუშაგოს მოხსნა და მისი შემდგომი გაყვანა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან“, – თქვა კოჩიევმა.
რას ამბობს “გახარია საქართველოსთვის”
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აგრესიულად მოითხოვა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და, შესაბამისად, აღნიშნული ქართული ტერიტორიების საოკუპაციო ძალებისთვის გადაცემა“, – განაცხადა პარტიამ.
მათივე თქმით, ცხინვალის მხარე ჩორჩანის ტერიტორიის საკუთარ მიწად წარმოჩენას ცდილობს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე დუმს და საზოგადოებას არ აცნობს არც ცხინვალის მოთხოვნებს და არც საკუთარ პოზიციას.
პარტიამ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმის გამო, რომელიც, მათივე შეფასებით, უკავშირდება ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას.
„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, „ქართული ოცნება“ ასამართლებს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებისა და ქართული მიწის მცოცავი ოკუპაციისგან დაცვის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებას ჩორჩანასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები დაუყოვნებლივ აცნობოს და აცხადებს, რომ საგუშაგოს გაუქმება ქართული ტერიტორიის საოკუპაციო ძალებისთვის დათმობის ტოლფასი იქნება.
წინაისტორია
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გაიხსნა. მის გახსნამდე დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ჩორჩანის ტყეში საგუშაგომდე მისასვლელი გზა გაჰყავდათ.
იმავე პერიოდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა ტერიტორიაზე ბორდერიზაციის ნიშნების, მათ შორის მწვანე ბანერებისა და დროშების განთავსება დაიწყეს. 2019 წლის თებერვალში ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნაც დაიწყო.
„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მან ჩორჩანაში საგუშაგო თვითნებურად გახსნა, რამაც, ხელისუფლების შეფასებით, ადგილზე ვითარების გამწვავება გამოიწვია.
გახარიამ თეა წულუკიანის საგმოძიებო კომისიაზე განაცხადა, რომ ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები პატრულირებდნენ, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და გეგმავდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას 1992 წლის ე.წ. რუკებზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საფრთხე ჩორჩანის ტყის დაახლოებით 1,800 ჰექტრის დაკარგვასაც ქმნიდა.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სოფელ წნელისთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს განთავსება უკანონოდ გამოაცხადა, ცხინვალისა და რუსეთის წარმომადგენლები თბილისს მოუწოდებენ, აღიაროს ეს გადაწყვეტილება „შეცდომად“ და ქართული პოლიციის პოსტი გააუქმოს.