პარლამენტმა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება
საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა 58 ახალი კანონპროექტის პაკეტი მთავრობის რეფორმის შესახებ, რის შედეგადაც კულტურის სამინისტრო ცალკე სტრუქტურად გამოიყოფა – ინიციატივას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
ცვლილებების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა ორ სამინისტროდ – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კანონპროექტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოაწერს.
კულტურისა და სპორტის მინისტრად ქართული ოცნების ერთ-ერთი სახე და ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი განიხილება, რომელიც მანამდე, რვა წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო.
ბოლო ორი თვის განმავლობაში წულუკიანი აქტიურად მართავდა შეხვედრებს კულტურის მოღვაწეებთან და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მას კვლავ მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.
_________________________________
● დაკავებები საპროტესტო აქციაზე და მადლობები ბიძინა ივანიშვილს. “ქართულ ოცნებას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს
● “ქართული ოცნების” ახალ მინისტრთა კაბინეტში ყველა ძველი სახეა. იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი
● ომბუდსმენის და წულუკიანის დაპირისპირება: ლომჯარია ამბობს, რომ ციხეებში “მაყურებლები” დაბრუნდნენ
__________________________________
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით მიუერთდა. მაშინ მთავრობამ ეს ნაბიჯი სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირების აუცილებლობით ახსნა.
კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას ღია წერილებით, სადაც ისინი კულტურის სამინისტროს აღდგენას ითხოვდნენ.
წერილებში ისინი მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ დეპარტამენტების გაერთიანებამ მნიშვნელოვნად შეამცირა კულტურის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, ვინაიდან კულტურის სფეროს ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა სჭირდება.