პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით მოზარდების 15 პროცენტი დაინფიცირდა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 18 წლამდე 103,9 ათასი მოზარდი დაინფიცირდა, რაც საერთო რაოდენობის 15 პროცენტია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფიცირებულ მოზარდებზე საუბრისას გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის შედეგად ცხრა ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 6 979 ინფიცირებულს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
„სამი ახალშობილის გარდა, დანარჩენს მძიმე თანმხლები გენეტიკური დაავადებები ჰქონდა“, – განმარტა გამყრელიძემ.
საქართველოში ბავშვების ინფიცირების შემთხვევები კორონავირუსის ინდური შტამის გავრცელებასთან ერთად გაიზარდა და საბავშვო ბაღებისა და სკოლების გახსნის შემდეგ უფრო მეტად გავრცელდა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო, სკოლებმა კი ონლაინ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყეს და 4 ოქტომბრიდან მოსწავლეთა მშობლებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება დისტანციურ და საკლასო სწავლას შორის.
11 ოქტომბერს საქართველოში 12-15 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაცია ასევე ნებადართულია ყველა მოზარდისთვის 16 წლიდან – აცრა ტარდება მხოლოდ Pfizer-ით.
● თენგიზ ცერცვაძე: როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან
● საქართველოში 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრიან. ვის ეკუთვნის “ბუსტერი”
● საქართველოს კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო დროს, ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა. თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 3 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.
რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის მესამე დოზით, ე.წ. ბუსტერით აცრა დაუშვა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტავს, ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს, რომელთა მეორე დოზის აცრიდან გასულია მინიმუმ 6 თვე;
● 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებს;
● ქრონიკული დაავადებების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს;
● სამედიცინო პერსონალს
● სხვა მაღალი რისკის პროფესიების ადამიანებს;
● დახურული დაწესებულებების თანამშრომლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს;
ბუსტერს გაუკეთებენ ასევე უკვე აცრილ მოქალაქეებსაც, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან.
20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 1 955 943 დოზა ვაქცინა გაკეთდა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 026 989 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.1 %; სრულად ვაქცინირებულია 928 081 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.5 %.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 43 ადამიანი გარდაიცვალა.