საქართველოში იხსნება სკოლები, ამუშავდება ტრანსპორტი. 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება
საქართველოში შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვალს.
8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები.
15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში, ყველა სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.
15 თებერვლიდან მთელ საქართველოში რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.
შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ანუ შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც ტრანსპორტი, არც ღია რესტორნები, არც სკოლები და არც სავაჭრო ობიექტები.
ძალაში რჩება კომენდანტი საათი – საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გამოსვლა და გადაადგილება მანქანითაც და ფეხითაც აკრძალულია.
ასევე ძალაშია პირბადის ყველგან, მათ შორის ქუჩაში ტარების წესი. პრემიერ გახარიას თქმით, პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება და ჯარიმები გაიზრდება. კერძოდ, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდება.
_________________________
ორი თვეა საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესდა.
დიდ ქალაქებში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, სწავლა სრულად ონლაინ სივრცეში გადავიდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები, რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლოთ.