მანათი ისევ გაიაფდა
მანათის ფასი კიდევ 0,016-ით შემცირდა. დღეისათვის, ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 1,7867 AZN ღირს, მაშინ, როდესაც გასულ კვირას დოლარის შეძენა 1,7707 მანათად იყო შესაძლებელი.
ამჯერად კურსის დაცემის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ვალუტის მცურავ კურსზე გადასვლას და ეროვნული ვალუტის გადაცვლისთვის არსებული 4%-იანი კორიდორის გაუქმებას აპირებს. მცურავი კურსის რეჟიმზე გადასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი
ექსპერტ-ეკონომისტის, თოღრულ მაშალლის თქმით, ახლა ბანკები ვალუტას, საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად, მათთვის ხელსაყრელი კურსით იყიდიან და გაყიდიან: “ბანკები ვალუტას ცენტრალური ბანკისგან, ან ნავთობის ცენტრალური ფონდისგან ყიდულობენ და ადრე ფასის შეცვლა მხოლოდ 4%-იანი ლიმიტის ფარგლებში შეეძლოთ. მცურავი კურსის შემოღების ინიციატორები ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე კონტრაჰენტებს შავ ბაზარზე ვაჭრობის სურვილს შეუმცირებს, რის შედეგადაც ინფლაციაც შემცირდება და, საბოლოოდ, მისი მასშტაბებიც პროგნოზირებადი გახდება. თუმცა, სხვა პრობლემაც არსებობს – ცენტრალურმა ბანკმა დანარჩენ ბანკებს დოლარის გაყიდვის ლიმიტი დაუწესა, ანუ უცხოური ვალუტა მაინც არ ჰყოფნის ყველას და ამიტომ მანათის ფასის შემცირებას გააგრძელებს”.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში მანათმა თავისი ღირებულების 13% დაკარგა