მაისში საქართველომ პანდემიის პერიოდში რეკორდული, 110 ათასამდე ვიზიტორი მიიღო
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში საქართველოში 109 359 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 180 პროცენტით მეტია.
ეს არის ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვიზიტორების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
109 359 საერთაშორისო მოგზაურიდან 104 755 ქვეყანაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდა.
მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
თურქეთი – 21 855
უკრაინა – 11 533
ისრაელი – 11 244
რუსეთი – 10 818
სომხეთი – 9 863
აზერბაიჯანი – 5 704
ყაზახეთი – 4 664
უზბეკეთი – 2 528
ბელარუსი – 2 349
ინდოეთი – 1 496
დღესვე ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისს სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება.
მეორე წელია, ქვეყანაში, რომელიც ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს, პანდემიის გამო ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია. მთავარი კითხვაა – ჩამოვლენ თუ არა ტურისტები წელს საქართველოში?
ჩავარდა ბოლო ზამთრის სეზონიც, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა კურორტი დახურული იყო.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას გადის. აპრილიდან ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და დღეში ათასამდე შემთხვევაა, ყოველდღიურად 30-მდე ადამიანი იღუპება, ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია.
ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი – საღამოს 23: 00 საათიდან დილის 4:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც მანქანით, ისე ფეხით.
2020 წელს, საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა.