საქართველოს აფთიაქებში "მადლი ღვთისა" გამოჩნდა. პრეპარატის ანოტაციაში წერია, რომ იგი კოვიდს კურნავს
“მადლი ღვთისა” – ასე ჰქვია ქართული წარმოების საკვებ დანამატს, რომელის ანოტაციაში წერია, რომ ის “კოვიდ 19-ის” საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებაა.
“მადლი ღვთისა” ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელურ აფთიაქში “ავერსში იყიდებოდა.
“ავერსში” დაადასტურეს, რომ “ღვთის მადლს ყიდდნენ. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, JAMnews-ს ავერსის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ერთი დღეა, რაც პრეპარატი “ამ ეტაპზე ამოიღეს ქსელიდან”.
“მადლი ღვთისას” ერთ ფირფიტაზე ოთხი აბია, იგი 60 ლარი ღირს და ურეცეპტოდ გაიცემა.
პრეპარატის მწარმოებელია საქართველოში რეგისტრირებული კომპანია “მადლი ღვთისა”, რომლის მესვეურები ირწმუნებიან, რომ უკვე 300-ზე მეტი ადამიანი განკურნეს კოვიდისგან.
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო გაზეთ “ბათუმელებთან” ამბობს, რომ “მადლი ღვთისამ” მათ 3 ნოემბერს მიმართ და პრეპარატის გაყიდვა ითხოვა, თუმცა სააგენტომ ამ კომპანიას ნებართვა არ მისცა და დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვა.
მიუხედავად ამისა, “მადლი ღვთისა” ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ქსელში მაინც იყიდებოდა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არის მცენარეული საკვები დანამატი და არა მედიკამენტი და მისი ბაზარზე გამოჩენა პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა მისი ანოტაცია, სადაც წერია, რომ იგი კორონავირუსს კურნავს.
პარალელურად, აღნიშნული პრეპარატის წინააღმდეგ სასულიერო პირებიც გამოვიდნენ, რომლებისთვისაც გაყიდვისას ღვთის სახელის გამოყენება მიუღებელი აღმოჩნდა.