კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
“საქართველოს გაუმარჯოს, ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს ხელმოწერას კრიზისიდან გამოსავლელად”, – დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე.
______________________________
● რა წერია შარლ მიშელის ახალ გეგმაში – ხუთივე პუნქტი მოკლედ
_________________________________
შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს, თუმცა ამ პარტიების ცალკეულმა თუ ყოფილმა წევრებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს – ასეთია სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე.
საბოლოო ჯამში მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა: ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე], სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე], რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე], გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი], მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა]. იყო ინდივიდუალური ხელმოწერებიც, კერძოდ: სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე და ზურაბ ჯაფარიძე.
ხელმოწერის ცერემონია პრეზიდენტ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში გაიმართა. მანამდე მხარეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდნენ ერთმანეთს.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა, რომ ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი.
“შეთანხმება, რომელსაც ჰქვია გზა საქართველოსთვის, მისი ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში, რომელიც საქართველოს მომავლისკენ ისწრაფვის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი პროცესში – ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. დღეს ვინც აქ ვართ შეკრებილები, ის უმრავლესობა, მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა“, – აღნიშნა ჰარცელმა.
თავად შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა.
“ხვალ ჩამოვალ თბილისში, რათა შეგხვდეთ ყველას და გავმართოთ დისკუსია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას. მადლობა”, – თქვა მიშელმა.
_____________________________
- ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩეროს
- კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
- მოსაზრება: რატომ არ გამოდიან ქართველები ქუჩაში?
___________________________________
18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წინადადებების ახალი პაკეტი შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.
დოკუმენტს ჰქვია “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება ბოლო დოკუმენტისგან, რომელიც შარლ მიშელის წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს წარუდგინა ოპოზიციას.
სიახლეები ეხება ორ ყველაზე მნიშვნელოვან და მხარეებს შორის ყველაზე შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს და ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა რიგგარეშე ჩატარებასაც ითხოვს ოპოზიცია.
ახალი წინადადების შესათანხმებლად 18 აპრილს ევროკავშირის დელეგაციის ოფისში მივიდა ყველა პარტიის წარმომადგენელი, მმართველი პარტიის გარდა. მოგვიანებით მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ხელისუფლება “მზად არის” მიშელის წინადადებების განსახილველად.